თბილისში ჟურნალ-გაზეთების გავრცელების შესაძლებლობების გაუმჯობესების მოთხოვნით, 12 ბეჭდური გამოცემა დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს, ერთობლივი განცხადებით მიმართავს.

გამოცემების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დედაქალაქში პრესის გაყიდვის ადგილების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, რის გამოც მოქალაქეებს ჟურნალებისა და გაზეთების შეძენა უჭირთ.

მათი განმარტებით, თბილისის არაერთ უბანში მკითხველს პრესის გასაყიდი უახლოესი ადგილის მოსაძებნად დიდი მანძილის გავლა უწევს.

განცხადების ავტორები ყურადღებას ამახვილებენ ბეჭდური მედიის ისტორიულ როლზე და აღნიშნავენ, რომ ციფრული მედიის განვითარების მიუხედავად, ტრადიციული გამოცემები კვლავ ინარჩუნებენ მნიშვნელობას საზოგადოების ინფორმირებისა და პროფესიული ჟურნალისტიკის განვითარებისთვის.

„საქართველოსთვის ყველაზე მძიმე და კრიტიკულ წლებში ბეჭდურმა მედიამ გადამწყვეტი როლი შეასრულა, რომ მოსახლეობას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ობიექტური ინფორმაცია ჰქონოდა. დემოკრატიის განვითარების ერთ-ერთი ინდიკატორი და მამოძრავებელი ძალა სწორედ ბეჭდური მედია იყო და არის“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

გამოცემების წარმომადგენლები განმარტავენ, რომ მათი მოთხოვნა სახელმწიფო დაფინანსებას ან საგადასახადო შეღავათებს არ უკავშირდება. ისინი თბილისის მერიისგან პრესის გავრცელებისთვის შესაბამისი პირობების შექმნასა და მკითხველისთვის ჟურნალ-გაზეთებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას ითხოვენ.

მათი განცხადებით, აღნიშნული პრობლემის მოგვარების დაპირება ჯერ კიდევ 15 წლის წინ არსებობდა, თუმცა მდგომარეობა არსებითად არ შეცვლილა.

ამასთან, განცხადების ავტორები მიუთითებენ, რომ მერია პრესის გავრცელების დარჩენილ ობიექტებს სხვადასხვა მიზეზით აჯარიმებს და რამდენიმე უბანში სტენდების დემონტაჟსაც გეგმავს.

„მოვუწოდებთ თბილისის მერს კახა კალაძეს, დაიწყოს/განახლდეს მოლაპარაკებები ბეჭდური მედიის წარმომადგენლებთან და პრესის გამავრცელებლებთან, რათა თბილისში გამოიყოს პრესის გავრცელების წერტილების საკმარისი რაოდენობა, რომელიც ჟურნალ-გაზეთებზე ხელმისაწვდომობის პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრის. სასწორზეა უზარმაზარი ისტორიის მქონე მედიის გადარჩენა და ათეულ ათასობით მკითხველის ინტერესი. დარწმუნებული ვართ, რომ ეს კახა კალაძეს კარგად ესმის.

ჩვენ მზად ვართ გახსნილი, გამჭვირვალე და კონსტრუქციული დიალოგისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ერთობლივ მიმართვას ხელს აწერენ გამოცემები: „თბილისელები“, „ახალი თაობა“, „რეზონანსი“, „კვირის პალიტრა“, „სარკე“, „საერთო გაზეთი“, „ლიტერატურული საქართველო“, „ასავალ დასავალი“, „საქართველოს რესპუბლიკა“, „ლელო“, „პლანეტა ფორტე“ და „მერკური“.

ბეჭდური მედიის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ თბილისის მერიასთან დიალოგის შედეგად დედაქალაქში პრესის გავრცელებისთვის საკმარისი რაოდენობის ადგილები გამოიყოფა.