შვეიცარიელმა და ფრანგმა მეცნიერებმა შექმნეს ექსპერიმენტული ელექტრონული იმპლანტი, რომელსაც სისხლში გლუკოზის დონის რეგულირება მედიკამენტების გამოყენების გარეშე შეუძლია. მოწყობილობამ, სახელწოდებით ECHO, ცხოველებზე ჩატარებულ კვლევაში არა მხოლოდ სისხლში შაქრის შემცირება, არამედ სხეულის მასისა და ცხიმოვანი ცვლის მაჩვენებლების გაუმჯობესებაც აჩვენა.

კვლევაზე მუშაობდნენ ციურიხის შვეიცარიის ფედერალური ტექნოლოგიური ინსტიტუტის (ETH Zurich) პროფესორი მარტინ ფუსენეგერი და მისი კოლეგები. მეცნიერების ნაშრომი სამეცნიერო ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნდა.

ტექნოლოგიის მთავარი სიახლე ისაა, რომ მოწყობილობა ორგანიზმში არსებულ ჭარბ გლუკოზას ელექტროქიმიური რეაქციის საშუალებით გარდაქმნის და მის კონცენტრაციას ამცირებს. ამ პროცესში არ გამოიყენება ინსულინი ან სისხლში შაქრის დამწევი სხვა მედიკამენტი.

ECHO ელექტროკატალიზის პრინციპზე მუშაობს. მოწყობილობა გლუკოზას გლუკონატად გარდაქმნის – ნივთიერებად, რომელიც ორგანიზმიდან თირკმელების საშუალებით შეიძლება გამოიდევნოს.

იმპლანტი გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემასთანაა დაკავშირებული. სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა მიღებულ მონაცემებს ამუშავებს და მოწყობილობას მხოლოდ მაშინ ააქტიურებს, როდესაც სისხლში შაქრის დონე წინასწარ განსაზღვრულ ზღვარს აჭარბებს.

მეცნიერების განცხადებით, ამგვარი დახურული ციკლის სისტემა გლუკოზის ავტომატური კონტროლის საშუალებას იძლევა და შესაძლოა შაქრის ზედმეტად შემცირების რისკიც შეზღუდოს.

ტექნოლოგია დიაბეტისა და სიმსუქნის ერთდროული მართვის შესაძლებლობის შესაფასებლად თაგვებზე გამოსცადეს.

ექსპერიმენტის ფარგლებში, დიაბეტისა და სიმსუქნის ნიშნების მქონე თაგვებში მოწყობილობამ სისხლში გლუკოზის დონის ნორმალიზება დაახლოებით ერთ საათში შეძლო.

ექვსკვირიანი დაკვირვებისას მეცნიერებმა სხეულის მასისა და სისხლში ტრიგლიცერიდების დონის შემცირებაც დააფიქსირეს. მკვლევრების განმარტებით, ორგანიზმში გლუკოზის ხელმისაწვდომობის შემცირებამ შესაძლოა ხელი შეუწყო ენერგიის მისაღებად დაგროვილი ცხიმების გამოყენებას.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ასეთი მიდგომა მომავალში მეტაბოლური დაავადებების მკურნალობის ალტერნატიულ გზად შეიძლება იქცეს.

დღეს დიაბეტის მართვა ხშირად გულისხმობს მედიკამენტების მიღებას, კვების რეჟიმის კონტროლსა და სისხლში გლუკოზის რეგულარულ მონიტორინგს. ახალი ტექნოლოგიის მიზანია ამ პროცესების ნაწილის ავტომატიზაცია და მკურნალობის ყოველდღიური ტვირთის შემცირება.

თუმცა ECHO ამ ეტაპზე მხოლოდ ექსპერიმენტული ტექნოლოგიაა. მისი ეფექტიანობა ადამიანებში ჯერ არ დადასტურებულა და უცნობია, რამდენად უსაფრთხო და შედეგიანი იქნება მოწყობილობის ხანგრძლივი გამოყენება.

შემდგომმა კვლევებმა უნდა დაადგინოს იმპლანტის ბიოშეთავსებადობა, მუშაობის ხანგრძლივობა, შესაძლო გვერდითი მოვლენები და ისიც, რამდენად ეფექტიანად შეძლებს სისტემა ადამიანის ორგანიზმში გლუკოზის დონის კონტროლს.

მიუხედავად ამისა, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ელექტროკატალიზზე დაფუძნებულმა მოწყობილობებმა მომავალში შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს დიაბეტისა და სხვა მეტაბოლური დაავადებების მართვაში.

წყარო:

ethz.ch

pubmed.ncbi.nlm.nih.gov