ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი ელექტრომობილებზე 10%-იანი საბაჟო ტარიფის ამოქმედების გადავადებას განიხილავენ. ამის შესახებ Financial Times-ი საკითხთან დაკავშირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, ევროკომისია საავტომობილო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან კონსულტაციებს მართავს იმ რეგულაციების გადავადების შესახებ, რომლებიც 2027 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს.
ევროპელი ავტომწარმოებლები აცხადებენ, რომ ახალი მოთხოვნების ძალაში შესვლა მათ კონკურენტუნარიანობას შეამცირებს, განსაკუთრებით ჩინური ელექტრომობილების მწარმოებლების მხრიდან მზარდი კონკურენციის პირობებში.
საუბარია ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის მოქმედ სავაჭრო შეთანხმებაზე, რომელიც Brexit-ის შემდეგ, 2021 წელს ამოქმედდა.
შეთანხმება ითვალისწინებს ელექტრომობილების წარმოებაში ადგილობრივი კომპონენტების წილის ეტაპობრივ ზრდას. შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში ავტომობილები ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის საბაჟო გადასახადის გარეშე გადაადგილდება.
თუმცა ევროპაში ბატარეებისა და მათი წარმოებისთვის საჭირო ქიმიური კომპონენტების ინდუსტრია მოსალოდნელზე ნელა ვითარდება. შედეგად, ელექტრომობილების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ აზიაში წარმოებულ ბატარეებსა და ნედლეულზეა დამოკიდებული.
ტარიფები შესაძლოა ელექტრომობილების უმეტესობას შეეხოს
ევროპელი ავტომწარმოებლების ასოციაციის, ACEA-ს შეფასებით, 2027 წელს ევროკავშირიდან დიდ ბრიტანეთში გასაყიდად განკუთვნილი დაახლოებით 520 ათასი ელექტრომობილისა და მსუბუქი კომერციული ავტომობილის 82%-ს შესაძლოა 10%-იანი ტარიფი შეეხოს.
ამ ავტომობილების საერთო ღირებულება დაახლოებით 17.9 მილიარდ ევროს შეადგენს.
ასოციაცია მიიჩნევს, რომ დამატებითი გადასახადი ევროპულ ავტომობილებს ბრიტანეთის ბაზარზე გააძვირებს და ჩინურ მწარმოებლებთან კონკურენციას გაართულებს.
ACEA მოითხოვს, რომ ბატარეების ევროპაში აწყობასთან დაკავშირებული გამკაცრებული მოთხოვნები 2030 წლამდე გადაიდოს, ხოლო ევროპაში წარმოებული კათოდური მასალების გამოყენების დამატებითი ვალდებულება – 2032 წლამდე.
ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა შესაბამისი წესების გამკაცრება ერთხელ უკვე გადადეს – თავდაპირველად ცვლილებები 2024 წელს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა ვადა 2027 წლამდე გახანგრძლივდა.
რა ვარიანტებს განიხილავს ევროკომისია?
Financial Times-ის წყაროების ცნობით, ევროკომისია რამდენიმე შესაძლო გადაწყვეტილებას განიხილავს.
ერთ-ერთი ვარიანტი ახალი მოთხოვნების ერთი წლით გადავადებას ითვალისწინებს.
მეორე წინადადების მიხედვით, შესაძლოა ამოქმედდეს ორწლიანი გარდამავალი მექანიზმი, რომელიც ავტომწარმოებლებს საშუალებას მისცემს, წარმოშობის მოთხოვნებთან შეუსაბამო ბატარეებით აღჭურვილი საექსპორტო ავტომობილები გარკვეული წესით დააბალანსონ იმ მოდელებით, რომლებიც ადგილობრივ ბაზარზე იყიდება და მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
ამასთან, ევროკომისიის მიერ განხილული გადავადების ვადები უფრო მოკლეა, ვიდრე ავტომწარმოებლების ასოციაცია მოითხოვს.
ამის მიზეზი ევროპული ბატარეების წარმოების მხარდაჭერის აუცილებლობაა.
ევროკავშირის ქიმიური მრეწველობის წარმომადგენლები რეგულაციების გადავადებას ეწინააღმდეგებიან. მათი შეფასებით, ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა შეამციროს მოთხოვნა ევროპაში წარმოებულ ბატარეების კომპონენტებზე და უარყოფითად იმოქმედოს უკვე განხორციელებულ ინვესტიციებზე.
ევროპა ბატარეების იმპორტზე კვლავ მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული
ბრიტანეთის ავტომწარმოებლებისა და მოვაჭრეების საზოგადოების, SMMT-ის დაკვეთით მომზადებული კვლევის თანახმად, 2017 წლიდან ევროპაში ბატარეებისა და ელექტრომობილების საწარმოო ინფრასტრუქტურაში დაახლოებით 72 მილიარდი ევროს ინვესტიცია განხორციელდა.
მიუხედავად ამისა, ევროკავშირი გამოყენებული ლითიუმ-იონური ბატარეების დაახლოებით ორ მესამედს კვლავ იმპორტით იღებს.
დიდ ბრიტანეთში კი ბატარეების ადგილობრივი წარმოების შესაძლებლობები კიდევ უფრო შეზღუდულია.
SMMT-ის აღმასრულებელი დირექტორის, მაიკ ჰოუსის განცხადებით, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის საავტომობილო ვაჭრობის წლიური მოცულობა დაახლოებით 80 მილიარდ ევროს შეადგენს და სექტორთან მილიონობით სამუშაო ადგილია დაკავშირებული.
მისი შეფასებით, მხარეებმა 2027 წლისთვის დაგეგმილ მოთხოვნებთან დაკავშირებით პრაქტიკული შეთანხმება უნდა მიიღონ და ერთობლივი მიწოდების ჯაჭვების განვითარებაზე იმუშაონ.
კვლევის თანახმად, ევროკავშირზე მოდის დიდი ბრიტანეთიდან ავტომობილების ექსპორტის 60%, ხოლო ევროკავშირის ავტომობილების ექსპორტის 30% ბრიტანეთის ბაზარზე ხორციელდება.
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირში წარმოებული ელექტრომობილების უმსხვილესი საექსპორტო ბაზარია.
ბრიტანელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, მხარეებს შორის რეგულაციების გადავადების საკითხზე აქტიური მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, 20 ნოემბერს დაგეგმილი ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სამიტის შემდეგ დაიწყება.
ამ ეტაპზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
წყარო: Financial Times