სამუშაო დღის დასრულების შემდეგ სამსახურზე ფიქრის შეწყვეტა ბევრ ადამიანს უჭირს. დაუსრულებელი პროექტები, პასუხგაუცემელი წერილები და შესასრულებელი დავალებები გონებაში მაშინაც აქტუალურია, როდესაც დასვენებას ვცდილობთ.

ფსიქოლოგები ამ მოვლენას ნაწილობრივ „ზეიგარნიკის ეფექტით“ ხსნიან – დაუსრულებელ საქმეებს ჩვენს მეხსიერებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მექანიზმი საქმიანობის გაგრძელებაში გვეხმარება, მას შესაძლოა გონებრივი გადაღლა, სტრესი და ძილის დარღვევაც მოჰყვეს.

BBC სპეციალისტებზე დაყრდნობით ხუთ მეთოდს გვთავაზობს, რომლებიც სამუშაოსგან ფსიქოლოგიური დისტანცირებისა და გონებრივი დატვირთვის შემცირებაში დაგვეხმარება.

რა არის ზეიგარნიკის ეფექტი?

თეორია იმის შესახებ, რომ დაუსრულებელი საქმეები ადამიანის მეხსიერებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს, თითქმის ერთი საუკუნის წინ გაჩნდა.

1927 წელს ფსიქოლოგმა ბლუმა ზეიგარნიკმა გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც ადამიანებს შეწყვეტილი დავალებები უკეთ ახსოვდათ, ვიდრე დასრულებული.

გავრცელებული ისტორიის თანახმად, კვლევის იდეა მის სამეცნიერო ხელმძღვანელს, ფსიქოლოგ კურტ ლევინს, რესტორანში დაკვირვებისას გაუჩნდა. მან შენიშნა, რომ მიმტანებს რთული და მრავალრიცხოვანი შეკვეთები კარგად ახსოვდათ მანამ, სანამ მომხმარებელი ანგარიშს არ გადაიხდიდა. ამის შემდეგ შეკვეთის დეტალები სწრაფად ავიწყდებოდათ.

მსგავსი მექანიზმი მოქმედებს სერიალების ყურების დროსაც – დაუსრულებელი სიუჟეტი ინტერესს გვინარჩუნებს და მომდევნო ეპიზოდის ნახვის სურვილს გვიჩენს.

მიუხედავად იმისა, რომ ზეიგარნიკის თავდაპირველი ექსპერიმენტის შედეგების თანმიმდევრულად გამეორება მეცნიერებისთვის რთული აღმოჩნდა, შემდგომი კვლევები მიუთითებს, რომ დაუსრულებელი საქმეები ჩვენს ფიქრებს დასვენების დროსაც იკავებს.

გერმანიის ბონ-რაინ-ზიგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორის, კრისტინე ზირეკის განმარტებით, ადამიანს დაწყებული პროცესის დასრულების კოგნიტიური მოთხოვნილება აქვს.

დაუსრულებელ დავალებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მეხსიერებაში შენარჩუნება სასარგებლოა, რადგან მოგვიანებით სამუშაოს გაგრძელებას გვიადვილებს. თუმცა ამ პროცესს უარყოფითი მხარეც აქვს.

ზირეკისა და მისი კოლეგების კვლევების თანახმად, სამუშაო კვირის ბოლოს დარჩენილი დაუსრულებელი საქმეები სტრესთან, ძილის დარღვევასა და სამსახურთან დაკავშირებულ განმეორებად ფიქრებთან ასოცირდება.

1. განსაზღვრეთ არა მხოლოდ მიზნები, არამედ მათი შესრულების დროც

დაუსრულებელმა სამუშაომ შესაძლოა ადამიანს საკუთარი შესაძლებლობების მიმართ ეჭვი გაუჩინოს და კონტროლის დაკარგვის განცდა შეუქმნას.

კვლევები აჩვენებს, რომ თანამშრომლებს, რომლებიც შესრულებულ პროგრესს ხედავენ, სამუშაოსგან ფსიქოლოგიური დისტანცირება უფრო უადვილდებათ.

ამისთვის აუცილებელი არ არის ყველა დავალების ერთ დღეში დასრულება. მნიშვნელოვანია მკაფიო გეგმის არსებობა – როდის და როგორ გაგრძელდება კონკრეტული სამუშაო.

დავალებების წერილობით დაფიქსირება, პრიორიტეტების განსაზღვრა და შესაძლო დაბრკოლებების წინასწარ გათვალისწინება ამცირებს განცდას, რომ მნიშვნელოვანი საკითხი შეიძლება დაგვავიწყდეს.

სამუშაო დღის დასაწყისში კონკრეტული საქმიანობისთვის დროის გამოყოფაც გვეხმარება, უკეთ ვაკონტროლოთ დატვირთვა და შევამციროთ გაურკვევლობით გამოწვეული სტრესი.

2. გამორთეთ სამუშაო შეტყობინებები

სმარტფონებმა და საკომუნიკაციო აპლიკაციებმა სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის საზღვარი მნიშვნელოვნად შეამცირა.

ელექტრონული ფოსტისა და სამუშაო შეტყობინებების მუდმივი შემოწმების შედეგად ადამიანი თავისუფალ დროსაც პროფესიული პრობლემების გადაჭრაზე ფიქრობს.

კვლევების თანახმად, არასამუშაო საათებში ელექტრონული ფოსტის შემოწმება სამსახურსა და ოჯახურ ცხოვრებას შორის კონფლიქტის ზრდასთან არის დაკავშირებული.

სტრესის შემცირების ერთ-ერთი მარტივი მეთოდი წერილებისა და შეტყობინებების შემოწმებისთვის კონკრეტული დროის განსაზღვრაა.

შესაძლებლობის შემთხვევაში, სამუშაო კომუნიკაცია სამუშაო საათებით უნდა შემოიფარგლოს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შაბათ-კვირასა და შვებულების პერიოდში.

3. მოერიდეთ რამდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშაობას

კომპიუტერში გახსნილი ათობით გვერდი, რამდენიმე მიმდინარე პროექტი და სხვადასხვა დავალებას შორის მუდმივი გადართვა შესაძლოა ინფორმაციული გადატვირთვის მიზეზი გახდეს.

ერთი საქმიანობიდან მეორეზე გადასვლა ტვინისგან დამატებით კოგნიტიურ რესურსს მოითხოვს.

ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის კოგნიტიური მეცნიერების მკვლევრის, ჯოან ონგჩოკოს განმარტებით, შესაძლებლობის შემთხვევაში სასურველია ერთი დავალების დასრულება და მხოლოდ ამის შემდეგ მეორეზე გადასვლა.

როდესაც გონებაში კონკრეტულ საქმეს ვასრულებთ, თავისუფლდება რესურსი, რომელიც სხვა საქმიანობისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ.

ეს არ ნიშნავს, რომ რამდენიმე პროექტის პარალელურად მართვა შეუძლებელია. თუმცა მათი ცალკეულ დროით მონაკვეთებად დაყოფა გონებრივი დატვირთვის შემცირებაში დაგვეხმარება.

4. წინასწარ დაგეგმეთ სამუშაო შვებულების წინ

შვებულების დაწყებამდე დაგროვილმა დაუსრულებელმა საქმეებმა შესაძლოა დასვენების ხარისხზე უარყოფითად იმოქმედოს.

შობის არდადეგებამდე და მის შემდეგ ჩატარებულმა ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებსაც ნაკლები დაუსრულებელი დავალება ჰქონდათ, სამსახურში დაბრუნებისას თავს უკეთ გრძნობდნენ.

ფსიქოლოგების რეკომენდაციით, შვებულებამდე აუცილებელი არ არის ყველა პროექტის დასრულება. მთავარია, სამუშაო ისეთ მდგომარეობაში დატოვოთ, რომ დაბრუნების შემდეგ მისი გაგრძელება მარტივად შეძლოთ.

ამისთვის სასარგებლოა შესრულებული სამუშაოს შეჯამება, დარჩენილი საკითხების ჩამოწერა და შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრა.

ასეთი მიდგომა ამცირებს შვებულების პერიოდში სამსახურზე მუდმივად ფიქრის საჭიროებას.

5. შექმენით სამუშაოდან დასვენებაზე გადასვლის რიტუალი

ნიდერლანდების გრონინგენის უნივერსიტეტის ორგანიზაციული ფსიქოლოგიის სპეციალისტის, ოლივერ ვაიგელტის განმარტებით, სამუშაო დღის დასრულების შემდეგ გარკვეული რიტუალების შესრულება პროფესიული საქმიანობისგან ფსიქოლოგიურ დისტანცირებას უწყობს ხელს.

ერთ-ერთი ასეთი მეთოდი ფიზიკური გარემოს შეცვლაა.

ეს შეიძლება იყოს გასეირნება, პარკში გასვლა, სხვა ოთახში გადასვლა ან სამუშაო კომპიუტერის შენახვა.

ფსიქოლოგიაში არსებობს ე.წ. „კარის ზღურბლის ეფექტიც“ (Doorway Effect), რომელიც გარემოს ცვლილებასა და მეხსიერებაში ინფორმაციის დამუშავებას შორის კავშირს აღწერს.

ახალ სივრცეში გადასვლამ შესაძლოა ყურადღების გადატანასა და წინა საქმიანობასთან დაკავშირებული ფიქრების შემცირებას შეუწყოს ხელი.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთი რიტუალების შექმნა მათთვის, ვინც სახლიდან მუშაობს და ვისთვისაც სამუშაო და დასვენების სივრცეები ერთმანეთისგან მკაფიოდ გამიჯნული არ არის.

შეიძლება თუ არა დაუსრულებელი საქმეები მოტივაციის წყაროდ ვაქციოთ?

დაუსრულებელ დავალებებს მხოლოდ უარყოფითი გავლენა არ აქვს.

1928 წელს ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც ფსიქოლოგიაში „ოვსიანკინას ეფექტის“ სახელით არის ცნობილი, აჩვენა, რომ ადამიანებს შეწყვეტილ საქმიანობასთან დაბრუნებისა და მისი დასრულების ბუნებრივი მიდრეკილება აქვთ.

ეს ნიშნავს, რომ დაუსრულებელი საქმე შეიძლება არა მხოლოდ სტრესის, არამედ მოტივაციის წყაროც გახდეს.

მთავარია, ადამიანმა შეძლოს ერთმანეთისგან განასხვაოს პროდუქტიული მოტივაცია და გადაჭარბებული გონებრივი დატვირთვა.

ფსიქოლოგების შეფასებით, ეფექტიანი დასვენებისთვის აუცილებელი არ არის ყველა საქმის დასრულება. გაცილებით მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ როდის და როგორ დაუბრუნდებით მათ.