შინაგან საქმეთა სამინისტრო დენის კულანინის მიმართ ქვეყნიდან გაძევების პროცედურასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, იმ შემთხვევაში თუ დენის კულანინი ნებაყოფლობით ვადაში არ დატოვებს ქვეყანას, გაძევების ბრძანება აღსრულდება იძულებით.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე მიმდინარეობდა ქვეყნიდან გაძევების პროცედურები რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, დენის კულანინის მიმართ.

აღნიშნული კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიგრაციის დეპარტამენტმა შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს დენის კულანინის საქართველოდან გაძევების თაობაზე. მიმდინარე წლის 4 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ დენის კულანინის მიმართ მიღებულ იქნა ბრძანება საქართველოდან გაძევების თაობაზე.

ზემოაღნიშნული კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პირს დაუწესდა 7 – დღიანი ვადა საქართველოს ტერიტორიის ნებაყოფლობითი დატოვების მიზნით, მისთვის სასურველი მიმართულებით. იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული პირი ნებაყოფლობით ვადაში არ დატოვებს ქვეყანას კანონის 57-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გაძევების ბრძანება აღსრულდება იძულებით. სასამართლო ბრძანებით, პირს დაუწესდა ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 5 წლის ვადით”, – ნათქვამია ინფორმაციაში.