რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შორის მოსკოვში გამართული შეხვედრა არსებითი ხასიათის იყო. ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა Reuters-ს განუცხადა.
თეთრი სახლის წარმომადგენლის ინფორმაციით, შეხვედრის შედეგად მიღწეული შეთანხმებებისა და შემდგომი ნაბიჯების შესახებ განცხადებები მომდევნო კვირებში გაკეთდება.
მოლაპარაკებების შედეგებს დადებითად აფასებს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვიც. მისი განცხადებით, შეხვედრაზე უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საკითხის გარდა, მხარეებმა ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებებზეც ისაუბრეს.
„მოლაპარაკებები უკრაინის კრიზისის მოგვარებასთან დაკავშირებით მოსაზრებების უბრალო გაცვლას გასცდა. საკმაოდ დეტალურად განიხილეს ეკონომიკური საკითხები და პოტენციურად მსხვილი, ურთიერთსასარგებლო რუსეთ-ამერიკის პროექტები. საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ მოლაპარაკებები დროული და ორივე მხარისთვის ძალიან სასარგებლო იყო“, – აღნიშნა უშაკოვმა.
შეხვედრის დაწყებისას ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპის მიერ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მიმართულებით გაწეულ ძალისხმევაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი კონფლიქტის მოგვარების ხელშეწყობას კვლავ ცდილობს.
„მიუხედავად იმისა, რომ ესმის, რთულ ვითარებაში შედის, ის მაინც არ წყვეტს ძალისხმევას, ხელი შეუწყოს კონფლიქტის მოგვარებას და თავისი წვლილი შეიტანოს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გადაწყვეტაში“, – განაცხადა პუტინმა მოლაპარაკებების დაწყებისას ტელევიზიით გავრცელებულ განცხადებაში.
სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. ისინი მოსკოვიდან მალევე გაემგზავრნენ.
ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები დღეს კიევში ჩავლენ, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავენ.