რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე 6 სექტემბრის ღამეს დრონებით თავდასხმა განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.

რიაზანის ოლქის გუბერნატორმა, პაველ მალკოვმა, რეგიონზე დრონებით თავდასხმის ფაქტი დაადასტურა. მისი განცხადებით, ერთ-ერთ საწარმოში ხანძარი გაჩნდა, თუმცა გუბერნატორს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რომელ ობიექტზე იყო საუბარი.

ონლაინ გამოცემა ASTRA-ს ჟურნალისტებმა ფოტოებისა და ვიდეომასალის ანალიზის საფუძველზე დაადგინეს, რომ თავდასხმის სამიზნე რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იყო.

თავდასხმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს უკრაინული „ტელეგრამ“ არხი „Exilenova+“-იც, რომლის ცნობით, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე დარტყმა განხორციელდა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსული ნავთობკომპანია „როსნეფტის“ შემადგენლობაშია და ქვეყნის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ საწარმოს წარმოადგენს.

მედიის ცნობით, ქარხნის წლიური გადამუშავების სიმძლავრე დაახლოებით 17 მილიონ ტონა ნავთობს შეადგენს.