“  რუსეთში 18-20 სექტემბერს დაგეგმილ ფარსს არ შეიძლება „საკანონმდებლო არჩევნები“ ვუწოდოთ,”  – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში  წერს.  „პუტინი რუსეთს 26 წელია მართავს – იოსებ სტალინზე მეტხანს. ამ ხნის განმავლობაში, მისმა რეჟიმმა სისტემატურად დაშალა ყველაფერი, რაც დემოკრატიას ჰგავდა“, – აცხადებს სიბიგა. მისი თქმით, სიტყვის თავისუფლება მკაცრად არის ჩახშობილი, ოპოზიციის წარმომადგენლები დაპატიმრებულები ან მოკლულები არიან, ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომის მიმართ თუნდაც ზომიერ კრიტიკას გამოთქვამდა, აკრძალულია. როგორც სიბიგამ აღნიშნა, დარჩენილი საარჩევნო ვარიანტები ამომრჩევლებს რეალურ არჩევანს არ სთავაზობს და ეუთო-ს დამოუკიდებელ დამკვირვებლებს ქვეყანაში შესვლის შესაძლებლობა საერთოდ არ მიეცათ. „გარდა ამისა, ეს ე.წ.  არჩევნები დაგეგმილია სხვა სუვერენული სახელმწიფოების  ტერიტორიებზე, რომლებიც უკანონოდ არის ოკუპირებული, მათ შორის უკრაინის ყირიმსა და ოკუპირებულ აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში. ეს უკანონო კენჭისყრა ბათილი იქნება, ის საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევას წარმოადგენს, რაც კიდევ უფრო მეტ დელეგიტიმაციას სძენს მთელ პროცესს“, – აცხადებს სიბიგა. უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდებს. „მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას და მედია საშუალებებს, ყველაფერს თავისი სახელი უწოდონ. ეს არ არის არჩევნები. ეს არის ფარსი, რომელსაც პუტინის რეჟიმი იყენებს შიდა ლეგიტიმურობის შესაქმნელად, აგრესიული ომის გასახანგრძლივებლად და საზარბაზნე ხორცად მეტი ადამიანის მობილიზებისთვის იყენებს“, – აცხადებს  უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი . 

 

👍