კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლო განაჩენს დღეს გამოაცხადებს.

სასამართლო სხდომა 14:00 საათზეა ჩანიშნული.

გუშინდელ პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. დღევანდელ სხდომაზე მხარეები რეპლიკის უფლებით ისარგებლებენ, რის შემდეგაც გრიგოლ ლილუაშვილს საბოლოო სიტყვის წარმოთქმის შესაძლებლობა მიეცემა.

პროცედურების დასრულების შემდეგ მოსამართლე ნინო თარაშვილი სათათბიროდ გავა და განაჩენს გამოაცხადებს.

ცნობისთვის, გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა, 23 დეკემბერს დააკავეს. ის პროკურატურაში გამოკითხვაზე საკუთარი ნებით გამოცხადდა.

ლილუაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი. აღნიშნული მუხლები წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ეხება და 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.