ქართველ და რუს ხალხებს ერთმანეთი მოენატრათ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ ეკატერინბურგში გამართულ ახალგაზრდობის საერთაშორისო ფესტივალზე რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
ზახაროვას თქმით, საქართველოს დელეგაციები საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობენ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს.
„ჩვენ ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს, თუმცა ამავდროულად, სავაჭრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული სფეროები აქტიურად ვითარდება“, – განაცხადა ზახაროვამ.
მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში ვიზიტთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, ქვეყანაში ჩასვლა უფრო ფართო წრისთვის გახდა შესაძლებელი.
„ჩვენ ყველას ველოდებით. ჩვენ ერთმანეთი მოგვენატრა“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა.
ზახაროვამ ასევე ისაუბრა ტურიზმის მიმართულებით რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე. მისი განცხადებით, საქართველოში რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული მარშრუტები ვითარდება, ხოლო რუსეთი ქართველი ტურისტების მისაღებად მზად არის.
„ველით ტურისტულ ნაკადებს. ჩვენ ბარიერები არასდროს აღგვიმართავს მათთვის, ვინც ჩვენთან მშვიდობიანად ჩამოდიოდა“, – განაცხადა ზახაროვამ.