ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში, საბავშვო ბაღებში სავარაუდო ინტოქსიკაციის გამო, ამ დროისთვის 8 ბავშვი მკურნალობს.

როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხიაძემ განაცხადა, ბოლო პერიოდში კლინიკაში საკვებით ინტოქსიკაციის ჩივილებით კიდევ 3 ბავშვი შეიყვანეს.

მისივე ინფორმაციით, საერთო ჯამში, აღნიშნული მიზეზით კლინიკაში 17 პაციენტი იყო მოთავსებული, მათგან 9 კი უკვე გაეწერა და ბინაზე განაგრძობს მკურნალობას.

ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის შემთხვევებზე გამოძიება საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო. უწყების ინფორმაციით, ინტოქსიკაციის ნიშნები თბილისში მდებარე 20 საბავშვო ბაღის 55 აღსაზრდელსა და ერთ აღმზრდელს აღენიშნება. მათ სამედიცინო დახმარება ექვს კლინიკაში გაეწიათ.

გამოძიების ფარგლებში უკვე გამოკითხულია 50-ზე მეტი ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი და სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ინტოქსიკაცია შესაძლოა ბაქტერიულ ინფექციას უკავშირდებოდეს, რომლის სავარაუდო წყაროც ბაგა-ბაღებში მიღებული საკვები პროდუქტია.

კონკრეტულად რომელი პროდუქტი გახდა ინტოქსიკაციის მიზეზი, შესაბამისი ექსპერტიზის შედეგად დადგინდება. გამოძიება გრძელდება. უწყების განცხადებით, ყველა ბაგა-ბაღიდან, სადაც ინტოქსიკაციის შემთხვევები დაფიქსირდა, საქმისთვის მნიშვნელოვანი ნივთები, დოკუმენტები და საკვები პროდუქტები იქნება ამოღებული.