საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.
ამის შესახებ კობახიძემ დევნილებისთვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„არც ერთი წამით არ გვავიწყდება ჩვენი უმთავრესი ამოცანა, ეს არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. საბოლოოდ, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ თქვენ ღირსეული საცხოვრებელი მიიღოთ საკუთარ მშობლიურ კუთხეში და ეს დარჩება ჩვენი ხელისუფლების უმთავრეს საზრუნავად“, – განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, მოთმინებით, თანმიმდევრული და პრაგმატული პოლიტიკის შედეგად, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნის მიღწევა შესაძლებელი იქნება.
„მშვიდობიანი გზით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ეროვნული ოცნება. მოთმინებით, თანმიმდევრული და სწორი პრაგმატული პოლიტიკით ჩვენ ამ მიზანს საბოლოოდ აუცილებლად მივაღწევთ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.