სოხუმის დაცემიდან 33 წელი გავიდა. 1993 წლის 27 სექტემბერს, 11-დღიანი ბრძოლის შემდეგ, სოხუმი დაეცა. აფხაზეთში საომარი მოქმედებები 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა.

სოხუმისთვის გადამწყვეტი ბრძოლა 1993 წლის 16 სექტემბერს დაიწყო, როდესაც აფხაზურმა მხარემ 27 ივლისს სოჭში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია და ქალაქზე შეტევა განაახლა. 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა.

ქალაქის დაცემის დღეს ტყვედ აიყვანეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, სოხუმის მერი გურამ გაბესკირია და აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. ჟიული შარტავა და გურამ გაბესკირია ტყვედ აყვანის შემდეგ მოკლეს.

30 სექტემბრისთვის საბრძოლო მოქმედებები ენგურის მიმართულებამდე გავრცელდა და ქართულმა ძალებმა აფხაზეთის ტერიტორიის უმეტესობაზე კონტროლი დაკარგეს. ომს ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ასობით ათასი კი იძულებული გახდა, საცხოვრებელი დაეტოვებინა.

სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. მთავრობის განკარგულებით, სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე.