შინაგან საქმეთა სამინისტრომ „კავკასიის უნივერსიტეტის“ სტუდენტების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

საქმე ეხება „კავკასიის უნივერსიტეტში“ გამართულ Welcome Party-ს, რომლის შემდეგაც სავარაუდო ინტოქსიკაციის ნიშნებით რამდენიმე სტუდენტი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, კლინიკაში ხუთამდე პაციენტი მოხვდა.

გავრცელებული ინფორმაციით, წვეულებაზე მყოფმა უცხო პირმა შესაძლოა ალკოჰოლურ სასმელში გაურკვეველი ნივთიერება ჩაყარა. აღნიშნული ინფორმაცია ამ ეტაპზე ოფიციალურად დადასტურებული არ არის.