ბორჯომი-ბაკურიანის ისტორიული რკინიგზა, ე.წ. „კუკუშკა“, დეკემბრიდან მოძრაობას განაახლებს. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა რკინიგზელთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
მინისტრის ინფორმაციით, ისტორიული სარკინიგზო ხაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. მარშრუტზე იმოძრავებს სპეციალურად შერჩეული ვაგონები, რომელთა დიზაინიც ბაკურიანის ბუნებრივ გარემოსა და რკინიგზის ისტორიულ იერსახეს შეესაბამება.
„გვინდოდა, ეს ყოფილიყო არა მხოლოდ განახლებული მატარებელი, არამედ ის ატმოსფერო და განწყობა, რომელიც ამ უნიკალურ მარშრუტს ათწლეულების განმავლობაში ახლდა. დარწმუნებული ვარ, მისი დაბრუნება ბევრ ადამიანს ბავშვობის თბილ მოგონებებს გაუცოცხლებს“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.
ვიცე-პრემიერმა საქართველოს სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმებზეც ისაუბრა. მისი თქმით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზაში დაახლოებით 2 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.
უკვე დაწყებულია 50-მდე ახალი ლოკომოტივისა და 10 სამგზავრო მატარებლის შესყიდვის პროცესი. ამასთან, შეძენილი 200 ახალი სატვირთო ვაგონიდან პირველი 50 უკვე ჩაერთო ყოველდღიურ გადაზიდვებში.
ქვრივიშვილის განცხადებით, საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტების მზარდი მნიშვნელობის ფონზე საქართველოს სტრატეგიული როლი კიდევ უფრო იზრდება, ხოლო რკინიგზა ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერების ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.
მინისტრის შეფასებით, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარება ხელს შეუწყობს როგორც ტვირთბრუნვის ზრდას, ისე რეგიონებს შორის კავშირების გაუმჯობესებას.