აშშ-ის, უკრაინისა და ევროპის წარმომადგენლებმა პარასკევს მაიამიში ექვსსაათიანი მოლაპარაკებები გამართეს. შეხვედრის მიზანი უკრაინაში ომის დასრულების ერთიან წინადადებაზე შეთანხმება იყო, – ინფორმაციას Reuters მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს ცნობით, მხარეები შეთანხმების მიღწევას უახლოეს კვირებში ეცდებიან რათა წინადადება რუსეთს წარუდგინონ და ზამთრის დადგომამდე სამშვიდობო პროცესში წინსვლას მიაღწიონ.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ აშშ-ის წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, უკრაინის დელეგაცია, ასევე ევროპისა და ნატოს წარმომადგენლები.
განხილვის თემებს შორის იყო უკრაინისთვის ომის შემდგომი მხარდაჭერის პაკეტი, რომელიც აშშ-ისა და ევროპის უსაფრთხოების გარანტიებს მოიცავს. მხარეებმა ასევე იმსჯელეს ქვეყნის ეკონომიკური აღდგენის გეგმასა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
Reuters-ის წყაროს ინფორმაციით, დელეგაციებმა ტერიტორიულ საკითხებთან დაკავშირებული „ზოგიერთი იდეაც“ განიხილეს, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია. უკრაინა რუსეთისგან ომის დროს დაკავებული ტერიტორიების დაბრუნებას მოითხოვს, დონალდ ტრამპი კი აცხადებს, რომ კომპრომისზე წასვლა ორივე მხარეს მოუწევს.
მოლაპარაკებებზე განიხილეს ევროპასა და რუსეთს შორის უსაფრთხოების სამომავლო მოწყობაც, თუმცა კონკრეტული წინადადებები არ გასაჯაროებულა.
შეხვედრა იმავე დღეს გაიმართა, როდესაც ტრამპმა რუსეთიდან დიზელის დამატებითი მიწოდების შესახებ გამოაცხადა, მისმა ადმინისტრაციამ კი რუსულ საწვავზე სანქციები დროებით მოხსნა. გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკრიტიკა. მისი განცხადებით, მიღებული შემოსავალი რუსეთს ომის დასაფინანსებლად მოხმარდება, უკრაინის დელეგაციას კი ამ გადაწყვეტილების გადასაფარად იყენებენ.
ამასთან, ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ განახლება ნაკლებად სავარაუდოა. მიზეზად მან მოსკოვზე უკრაინული დრონების თავდასხმები დაასახელა.