რუსული ძალების მიერ უკრაინის დედაქალაქ კიევზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 21 კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ბალისტიკური რაკეტა დესნიანსკის რაიონში მდებარე საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია ერთი დაღუპულის შესახებ, თუმცა მოგვიანებით მაშველებმა შენობაში მეორე ცხედარიც აღმოაჩინეს.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თავდასხმის მთავარი სამიზნე კიევის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, კერძოდ, მე-4 თბოელექტროსადგური იყო, რომელიც დედაქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ობიექტია.
ზელენსკის თქმით, უკრაინას პარტნიორებისგან მოსალოდნელი დარტყმის შესახებ წინასწარი გაფრთხილება არ მიუღია. მისივე განმარტებით, უკრაინულმა თავდაცვის სისტემებმა რაკეტები მხოლოდ კიევთან მიახლოებისას აღმოაჩინეს.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის დროს დედაქალაქში საჰაერო განგაში არ გამოცხადებულა.