„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე აცხადებს, რომ თურქეთის აეროპორტში დააკავეს და ხვალ დილით თბილისში დააბრუნებენ. პოლიტიკოსი ბრიუსელში, Renew Europe-ის მიწვევით, ლიდერების სამიტზე მიემგზავრებოდა.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ჯაფარიძეს თურქეთში ავიაკომპანიის შეცვლა უწევდა. მისი თქმით, საზღვარზე განუმარტეს, რომ ქვეყანაში შესვლა 2025 წლის ნოემბრიდან ეკრძალება და მის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან აქვთ მიღებული.

„დღეს მივფრინავდი ბრიუსელში, Renew Europe-ის მიწვევით მონაწილეობა უნდა მიმეღო ლიდერების სამიტში. თურქეთში მიწევდა ავიაკომპანიის გამოცვლა. საზღვარზე დამაკავეს.
როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს თურქეთში შესვლაზე. რაღაც ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან. ხვალ დილით მაბრუნებენ თბილისში.
სამწუხაროდ, მნიშვნელოვანი შეხვედრების შესაძლებლობა დავკარგე. სხვა არაფერი სანერვიულო,“ – წერს ჯაფარიძე.

ჯაფარიძის დაკავების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად „ალდემ“ გაავრცელა.