უკრაინა ევროკომისიისგან თავდაცვის საჭიროებებისთვის 2.86 მილიარდ ევროს მიიღებს. თანხა უკრაინის მხარდაჭერის 90-მილიარდიანი სესხის ფარგლებში გამოიყო და დრონების, საჰაერო თავდაცვის სისტემების, რაკეტების, რადარების, ელექტრონული ბრძოლის სისტემებისა და საბრძოლო მასალის შეძენას მოხმარდება.
ევროკომისიის ინფორმაციით, სესხის საორიენტაციო განაწილება 2026–2027 წლებში თავდაცვისთვის 60 მილიარდ ევროს, საბიუჯეტო დახმარებისთვის კი 30 მილიარდ ევროს ითვალისწინებს. მიმდინარე წელს უკრაინის თავდაცვის სამრეწველო პოტენციალის გასაძლიერებლად 28.3 მილიარდი ევროს გამოყოფაა დაგეგმილი. მომდევნო ტრანშების გაცემა უახლოეს კვირებში გაგრძელდება.
„უკრაინა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ მეოთხე ზამთრისთვის ემზადება. თავდაცვითი აღჭურვილობის დაუყოვნებლივ მიწოდება უზრუნველყოფს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეძლონ მშვიდობიანი მოსახლეობისა და ქალაქების დაცვა რუსეთის თავდასხმებისგან”, – აღნიშნულია ევროკომისიის პრესრელიზში.
2026 წლის დარჩენილ პერიოდში უკრაინისთვის კიდევ 29.64 მილიარდი ევროს ფინანსური მხარდაჭერაა გათვალისწინებული. აქედან 25.24 მილიარდი ევრო მხარდაჭერის სესხის ფარგლებში გაიცემა: 12.54 მილიარდი – თავდაცვის სამრეწველო პოტენციალის გასაძლიერებლად, ხოლო 12.7 მილიარდი – საბიუჯეტო დახმარებისთვის. დამატებით, Ukraine Facility-ის მექანიზმით საბიუჯეტო მხარდაჭერისთვის 4.4 მილიარდი ევროა დაგეგმილი.
შესაბამისად, წლის ბოლომდე უკრაინას საბიუჯეტო დახმარების სახით 17 მილიარდ ევროზე მეტის მიღება შეუძლია, თუ უკრაინის გეგმასა და ურთიერთგაგების მემორანდუმში განსაზღვრულ პირობებს შეასრულებს.
ევროკომისიის განმარტებით, დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებები უკრაინის ცვალებად საჭიროებებს ეფუძნება და შეთანხმებული პირობებისა და მონიტორინგის დაცვას ითვალისწინებს. 2022 წლიდან ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა უკრაინას ჯამში 231.5 მილიარდი ევროს მხარდაჭერა გაუწიეს. ამ თანხიდან 3.8 მილიარდი ევრო გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებულ შემოსავლებზე მოდის.