ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინელ სამხედროებს აცნობა, რომ აშშ-მა შესაძლოა სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება შეწყვიტოს, თუ უკრაინული ძალები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე შორი მოქმედების დრონებით თავდასხმებს გააგრძელებენ.
უკრაინის პრეზიდენტმა NPR-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ გაფრთხილება უშუალოდ მას არ მიუღია. კითხვაზე, აცნობა თუ არა ვაშინგტონმა კიევს შესაძლო შეზღუდვის შესახებ, მან უპასუხა: „მათ ეს ჩემს გენერლებს უთხრეს და არა მე“.
„მაგრამ, გულახდილად რომ ვთქვა, მივიღეთ თუ არა შეტყობინება, რომ ეს [სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება] შეიძლება შეწყდეს? დიახ, ჩემმა გენერლებმა მითხრეს, რომ სამხედრო პირების დონეზე მათ ეს ინფორმაცია მიიღეს. მათ მიიღეს ინფორმაცია, რომ ეს შეიძლება შეწყდეს”, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტი რუსულ დიზელზე სანქციების დროებით მოხსნასაც გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ეს გადაწყვეტილება აშშ-ში საწვავის ფასებს ვერ შეამცირებს, თუმცა რუსეთს ომის დასაფინანსებლად დამატებით შემოსავალს მოუტანს.
ზელენსკიმ უარყო დონალდ ტრამპის მოსაზრებაც, რომ დიზელის გაძვირებაზე პასუხისმგებლობა უკრაინას ეკისრება. ენერგორესურსების ფასების ზრდა მან ჰორმუზის სრუტის ბლოკირებას დაუკავშირა.
„მსოფლიოში ადამიანებმა უმეტესწილად იციან, რატომ გაიზარდა ფასები ნებისმიერი სახის ენერგორესურსზე, მათ შორის დიზელზე. ჰორმუზის გამო. დიახ, ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსული დიზელის მოცულობა აშშ-ში ფასების შესაცვლელად არასაკმარისია.
„რა თქმა უნდა, აშშ-ში ფასებზე გავლენას არ მოახდენს. დარწმუნებული ვარ ამაში, რადგან მოცულობა არასაკმარისია, თუმცა საკმარისია იმისთვის, რომ რუსეთს ომისთვის მეტი თანხის დახარჯვის საშუალება მიეცეს”, – აღნიშნა ზელენსკიმ.