პოლიტოლოგ დავით ზურაბიშვილის შეფასებით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის დაჩქარება შესაძლოა უკავშირდებოდეს როგორც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ინტერესებს, ისე რუსეთის მხრიდან არსებულ ზეწოლას. მისი ვარაუდით, ხელისუფლება ამ ნაბიჯით მოსკოვისთვის იმის ჩვენებას ცდილობს, რომ საქართველო დასავლეთს შორდება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ „ქართული ოცნების“ სარჩელი, რომელიც ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითვალისწინებს, არსებითად განსახილველად მიიღო. სასამართლოს ვებგვერდზე 13 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქმეს პლენუმი შვიდი მოსამართლის შემადგენლობით განიხილავს. პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს მოსამართლე მანანა კობახიძე, რომელმაც თავდაპირველად თვითგანრიდება მოითხოვა. კოლეგებმა მისი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილეს, რის შემდეგაც კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე დატოვა.
სასამართლო სხდომები 21, 22 და 23 ოქტომბერს გაიმართება. აღნიშნულის შესახებ ოპოზიციურ პარტიებს უკვე ეცნობათ.
„ქართული ოცნება“ ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითხოვს. ესენია: „ძლიერი საქართველო – ლელო“, „ფედერალისტები“, „გახარია საქართველოსთვის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“.
რატომ გააქტიურდა პარტიების აკრძალვის პროცესი ახლა, რა პოლიტიკური მიზნები შეიძლება იდგეს მის უკან და როგორ შეიძლება აისახოს ეს საქართველოს საგარეო კურსზე? ამ საკითხებზე „რადიო მაესტროს“ ეთერში ჟურნალისტ ლევან ჭითანავას კითხვებს პოლიტოლოგმა დავით ზურაბიშვილმა უპასუხა.
— ბატონო დავით, ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პარტიების აკრძალვის საქმეზე სასამართლო განხილვები დაჩქარებული ტემპით ინიშნება. როგორ აფასებთ პროცესის მიმდინარეობას და რატომ შეიძლება ხელისუფლება სწორედ ახლა ცდილობდეს ამ საკითხის სწრაფად გადაწყვეტას?
— როგორც ჩანს, სასამართლო პროცესი ფორსირებულად ჩაინიშნა. მოსამართლე მანანა კობახიძის მიერ სასამართლოს დატოვებაც აჩენს კითხვებს და, ჩემი შეფასებით, მიუთითებს იმაზე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოზე შესაძლოა სერიოზული ზეწოლა ხორციელდებოდეს, რათა მან კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღოს. მიმაჩნია, რომ ამ პროცესის სამართლებრივი დასაბუთება სერიოზულ კითხვებს აჩენს. ხელისუფლების რიტორიკა კი, რომ ოპონენტები „უსამშობლოები“ არიან და მათი დასუსტება სახელმწიფოს გაძლიერებას ნიშნავს, პოლიტიკური მიზნების გარშემო უფრო მეტ კითხვას წარმოშობს.
ჩემი შეფასებით, ეს პროცესი მხოლოდ ქვეყნის შიდა პოლიტიკური ვითარებით არ აიხსნება. ვფიქრობ, მის უკან შესაძლოა საგარეო ფაქტორებიც იდგეს.
— კონკრეტულად რა მოტივი შეიძლება ამოძრავებდეს ხელისუფლებას?
— ამ პროცესს რუსეთის მხრიდან შესაძლო ზეწოლას ვუკავშირებ. არ ვამბობ, რომ რუსეთი საქართველოს ხელისუფლებას პირდაპირ ოპოზიციური პარტიების აკრძალვას სთხოვს. ჩემი ვარაუდით, საქმე უფრო ფართო პოლიტიკურ გათვლას ეხება.
ბიძინა ივანიშვილს, ჩემი შეფასებით, არ სჭირდება ქვეყანაში ძლიერი პროდასავლური პოლიტიკური ფლანგის არსებობა, რადგან ის დასავლეთს, განსაკუთრებით კი ევროკავშირს, საკუთარი ძალაუფლებისთვის საფრთხედ აღიქვამს. შესაძლოა, ფიქრობდეს, რომ ამ პოლიტიკური ძალების აკრძალვით საკუთარ ხელისუფლებას გაიხანგრძლივებს და დასავლეთის გავლენას შეამცირებს.
— თქვენ საუბრობთ რუსეთის შესაძლო ზეწოლაზე, თუმცა იმასაც აღნიშნავთ, რომ მოსკოვი შესაძლოა უშუალოდ პარტიების აკრძალვას არ მოითხოვდეს. როგორ უკავშირებთ ამ პროცესს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს?
— ჩემი აზრით, რუსეთი საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლას სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი და ის შესაძლო პოლიტიკური თუ ეკონომიკური მოთხოვნები, რომლებიც მოსკოვის ინტერესებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული.
საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობებში რუსეთის როლი და ომის პერიოდში სავაჭრო ნაკადების ზრდა, რომელიც კონტრაბანდით გამოიხატებოდა ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორებია. რუსეთის მიერ გარკვეულ ქართულ პროდუქტებზე ემბარგოს დაწესებამაც აჩვენა, რამდენად მოწყვლადი შეიძლება იყოს ეს ურთიერთობები. ამ საკითხზე ირაკლი კობახიძის განცხადებებშიც, ჩემი შეფასებით, ხელისუფლების რთული მდგომარეობა გამოჩნდა.
ამ მოვლენების პარალელურად ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის გააქტიურებას ვხედავთ. ჩემი სუბიექტური ვარაუდით, ბიძინა ივანიშვილი ამ ნაბიჯით მოსკოვისთვის სიგნალის გაგზავნას ცდილობს – თითქოს ეუბნება, რომ საქართველო დასავლეთს შორდება და რუსეთისკენ უფრო მეტად იხრება.
— თუ ხელისუფლება ამ გზას აირჩევს, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას დასავლეთთან ურთიერთობებში?
— ვფიქრობ, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შემთხვევაში დასავლეთის რეაქცია შესაძლოა განსაკუთრებით მკაცრი იყოს. არ გამოვრიცხავ დამატებითი სანქციების დაწესებასაც. ჩემი შეფასებით, ასეთი გადაწყვეტილება ქვეყანაში პოლიტიკური სისტემის არსებით ცვლილებას გამოიწვევს და ავტორიტარული მმართველობის გაძლიერების საფრთხეს შექმნის.
თუმცა, ჩემი აზრით, ხელისუფლება ამ ნაბიჯით შესაძლოა რუსეთის კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობდეს — იმ იმედით, რომ მოსკოვი საქართველოს მიმართ ზეწოლას შეამცირებს, მათ შორის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხებზე.
— რამდენად რეალურია მოლოდინი, რომ დასავლეთისგან დისტანცირებით საქართველო რუსეთისგან უფრო ხელსაყრელ დამოკიდებულებას მიიღებს?
— არ მგონია, რომ მხოლოდ პროდასავლური პარტიების აკრძალვა რუსეთის მოთხოვნებს შეცვლის. შესაძლოა, მოსკოვი ამ ნაბიჯს დადებითად შეხვდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს მიმართ საკუთარი ინტერესებისა და მოთხოვნებისგან უკან დაიხევს.
ჩემი ვარაუდით, რუსეთი კვლავ შეეცდება საქართველოსთვის საკუთარი პირობების თავს მოხვევას, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ საკითხებზე. ამიტომ არ მგონია, რომ დასავლეთისგან დისტანცირება საქართველოს რუსეთისგან უსაფრთხოების ან პოლიტიკური გარანტიების მიღებას უზრუნველყოფდეს.