რამდენად შორს შეიძლება წავიდეს ვაშინგტონსა და კიევს შორის დაპირისპირება და შეძლებს თუ არა უკრაინა წინააღმდეგობის გაგრძელებას აშშ-ის შემცირებული მხარდაჭერის პირობებში? ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი მიიჩნევს, რომ უკრაინის დანებების მოლოდინი უსაფუძვლოა. „რადიო მაესტროსთან“ ინტერვიუში ის ამერიკული დახმარების შეზღუდვაზე, ევროპის როლზე, მოახლოებულ ზამთარსა და ფრონტზე არსებულ ვითარებაზე საუბრობს. ინტერვიუზე მუშაობდა ჟურნალისტი ლევან ჭითანავა. 

— რამდენად რეალურია საფრთხე, რომ ვაშინგტონმა კიევის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად შეამციროს და რა შედეგი შეიძლება ჰქონდეს ამას ბრძოლის ველზე?

— ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში დახმარების შემცირება ახალი ამბავი არ არის. მხარდაჭერა ძირითადად სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემით გამოიხატებოდა. მოქმედებს პროგრამაც, რომლის ფარგლებშიც ევროპელები ამერიკულ შეიარაღებას ყიდულობენ და უკრაინას გადასცემენ, თუმცა ეს კომერციული მექანიზმია.

სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების შეზღუდვას უკრაინის დანებება არ გამოუწვევია. უკრაინას ვერავინ მოსთხოვს სუვერენიტეტზე უარის თქმასა და რუსეთის პირობებზე დათანხმებას. ეს იმ ყველაფრის დათმობას ნიშნავს, რისთვისაც ქვეყანა ამდენი ხანია იბრძვის.

ვფიქრობ, ასეთი პოლიტიკა თავად ტრამპსა და რესპუბლიკურ პარტიას შეუქმნის სირთულეებს შუალედურ არჩევნებზე. ჩემი მოლოდინით, რესპუბლიკელებისთვის კონგრესის პალატებზე კონტროლის შენარჩუნება რთული იქნება.

უკრაინა კი წინააღმდეგობას აგრძელებს. სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების შეზღუდვის შემდეგაც ვხედავთ მის შეტევებს რუსეთის მიმართულებით.

— გავრცელდა ინფორმაცია, რომ სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება აღდგა. რა არის ამ ეტაპზე ცნობილი?

— აქ ორი სხვადასხვა საკითხი უნდა გავმიჯნოთ. 

ერთია ბალისტიკური რაკეტების გაშვების აღმოჩენა და უკრაინისთვის წინასწარი გაფრთხილების გადაცემა. ასეთი ინფორმაცია მნიშვნელოვანი იყო მაშინაც, როდესაც უკრაინას ამ რაკეტების მოსაგერიებლად საკმარისი შესაძლებლობები არ ჰქონდა.

მეორე საკითხია „სტარლინკის“ მუშაობა, რომელსაც უკრაინელები სამხედრო მოქმედებების დროსაც იყენებენ. მისი მუშაობა გარკვეული ხნით შეფერხდა და შემდეგ აღდგა. ბალისტიკური რაკეტების შესახებ ინფორმაციის გადაცემის საკითხი კი, ჩემთვის ცნობილი მონაცემებით, კვლავ გაურკვეველია.

— ზელენსკის ბოლო განცხადებები ტრამპის მიმართ მკვეთრად კრიტიკულია. რამდენად შეიძლება ეს აშშ-ის არჩევნებთან დაკავშირებულ მოლოდინებს უკავშირდებოდეს?

— უკრაინის პრეზიდენტს აშშ-ის შიდა პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის ბერკეტი არ აქვს. აქ ორი გარემოება ერთმანეთს დაემთხვა: უკრაინა დანებებას არ აპირებს და ამერიკაში არჩევნები ახლოვდება.

ამ არჩევნებს ტრამპისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ დემოკრატები კონგრესში პოზიციებს გაიმყარებენ, შესაძლოა, მის წინააღმდეგ გამოძიებებისა და იმპიჩმენტის საკითხიც დადგეს.

ჩემი შეფასებით, უკრაინის მიმართ ადმინისტრაციის ამჟამინდელი პოლიტიკა რესპუბლიკელების საარჩევნო მდგომარეობას არ აუმჯობესებს. უკრაინას მხარდამჭერები ორივე პარტიის ამომრჩევლებში ჰყავს.

— სადამდე შეიძლება მივიდეს ტრამპსა და ზელენსკის შორის დაპირისპირება?

— ჩემი აზრით, ურთიერთობების დაძაბულობამ უკვე პიკს მიაღწია. თუმცა ამერიკული მხარდაჭერის შემცირება არ ნიშნავს, რომ უკრაინა დახმარების გარეშე დარჩა.

უკრაინა მისთვის საჭირო შეიარაღების დიდ ნაწილს თავად აწარმოებს. ჩემი შეფასებით, ეს მაჩვენებელი 70 პროცენტს აღემატება. დანარჩენ ნაწილში მნიშვნელოვანი როლი აქვთ ევროპასა და სხვა პარტნიორებს, რომელთა დახმარებასაც უკრაინა ომში იყენებს.

ამიტომ ვაშინგტონთან ურთიერთობის გაუარესება ავტომატურად უკრაინის წინააღმდეგობის დასრულებას არ ნიშნავს.

— რა მნიშვნელობა აქვს ამ ვითარებაში ევროპას?

— ევროპელებმა გააცნობიერეს, რომ ეს მათი უსაფრთხოების საკითხიცაა. ომი ევროპის კონტინენტზე მიმდინარეობს და უკრაინა რუსეთის აგრესიას აჩერებს. მისი წინააღმდეგობის გარეშე საფრთხე ევროპის სხვა ქვეყნებისთვისაც გაიზრდებოდა.

ევროპული დახმარება მხოლოდ სამხედრო სფეროს არ მოიცავს. მნიშვნელოვანია ფინანსური მხარდაჭერაც, რადგან ხანგრძლივ ომს უზარმაზარი რესურსი სჭირდება.

მოახლოებული ზამთარი უკრაინისთვის რთული იქნება, თუმცა სირთულეები რუსეთსაც ელის. უკრაინას ახლა რუსეთისთვის საპასუხო დარტყმების მიყენების მეტი შესაძლებლობა აქვს. თუ რუსეთი უკრაინის ენერგოსისტემაზე თავდასხმებს გააგრძელებს, უკრაინასაც შეუძლია რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს უპასუხოს.

ამასთან, ევროპელები უკრაინას ენერგეტიკის მიმართულებითაც ეხმარებიან. რუსეთს კი ამ სფეროში ანალოგიური მხარდაჭერა არ აქვს.

— რამდენად იზიარებთ შეფასებას, რომ ევროპის გააქტიურებაში თავად ტრამპის პოლიტიკამაც შეიტანა წვლილი?

— რამდენიმე ფაქტორმა იმოქმედა. უპირველესად, რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ ევროპელებს დაანახა, რომ უსაფრთხოებისადმი დამოკიდებულება შესაცვლელი იყო.

დიდი ხნის განმავლობაში ევროპის არაერთ ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ომის საფრთხეს ნაკლებად მოელოდნენ. ახლა ეს მოცემულობა შეიცვალა.

თავისი გავლენა ჰქონდა ტრამპის განცხადებებსაც, მათ შორის ნატოს მიმართ დამოკიდებულებას. ევროპულ სახელმწიფოებს მეტი პასუხისმგებლობის აღების აუცილებლობა დაუდგათ. მიუხედავად ამ განცხადებებისა, ნატო არსებობს და მისი წევრები უკრაინის მხარდაჭერას აგრძელებენ.

— შეიძლება ვაშინგტონსა და კიევს შორის ურთიერთობები არჩევნებამდე ამ მდგომარეობაში დარჩეს?

— ვფიქრობ, უკრაინა წინააღმდეგობას გააგრძელებს. რაც შეეხება აშშ-ს, არჩევნების შემდეგ გარკვეულ დაბალანსებას ველოდები. ჩემი ვარაუდით, ადმინისტრაციაში აღარ იქნება ისეთი პრორუსული განწყობები, როგორსაც დღეს ვხედავთ.

— რამდენად მკაფიოა აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის მიზანი სამშვიდობო პროცესში?

— ამის გარკვევა ხშირად რთულია, რადგან განცხადებები იცვლება: ერთ დღეს ერთი გვესმის, მეორე დღეს კი  სხვა.

მიმაჩნია, რომ ამ პირობებში ომის დასრულება ვერ მოხდება. ჩემი შეფასებით, რუსეთი უკრაინის კაპიტულაციას ელის, უკრაინა კი დანებებას არ აპირებს.

ხოლო, რას მიიღებდა აშშ უკრაინის კაპიტულაციით, ეს ტრამპის ადმინისტრაციას უნდა ვკითხოთ. მის ნაცვლად ამ კითხვას ვერ ვუპასუხებ.

— როგორ აფასებთ ფრონტზე არსებულ მდგომარეობას?

— უკრაინელები არა მხოლოდ იგერიებენ რუსეთის შეტევებს, არამედ ზოგიერთ მონაკვეთზე ტერიტორიების დაბრუნებასაც ახერხებენ. სწორედ ამიტომ მიმაჩნია გაუგებრად უკრაინისგან კაპიტულაციის მოთხოვნა.

რუსეთის დანაკარგები მაღალია. იმ შეფასებებით, რომლებზეც მე ვსაუბრობ, გასულ თვეში რუსეთის დანაკარგმა დაახლოებით 50 ათასი სამხედრო შეადგინა, უკრაინისამ კი დაახლოებით 5 ათასი. თუმცა ეს ოფიციალური მონაცემები არ არის.

— რა სახის სამხედრო დახმარება სჭირდება უკრაინას ყველაზე მეტად?

— როგორც თავდაცვითი, ისე შეტევითი შეიარაღება.

მნიშვნელოვანია საჰაერო თავდაცვის სისტემები, მათ შორის „პეტრიოტები“, მაგრამ მხოლოდ გაშვებული რაკეტების ჩამოგდება საკმარისი არ არის. საჭიროა იმ შესაძლებლობების შეზღუდვაც, რომლებითაც რუსეთი თავდასხმებს ახორციელებს.

ამისთვის უკრაინას შეტევითი რაკეტებიც სჭირდება, რათა დარტყმა მიაყენოს გაშვების წერტილებს და რუსეთს ომის გაგრძელება გაურთულოს. სანამ მას ომის წარმოების შესაძლებლობა ექნება, თავდასხმებს გააგრძელებს.