საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლის გამო, ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლების დაფინანსებას აღარ ახორციელებს, თუმცა ქვეყნის მოსახლეობის მხარდაჭერას აგრძელებს. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს.
წარმომადგენლობის ინფორმაციით, 2026 წელს ევროკავშირი საქართველოში ახალი პროექტების განსახორციელებლად 38 მილიონ ევროს გამოყოფს.
დაფინანსება მიმართული იქნება რეგიონებში ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნის, დასაქმებისთვის საჭირო უნარების განვითარების, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერისა და სურსათის ხარისხის გაუმჯობესებისკენ.
პროექტები ასევე ითვალისწინებს ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას, უსაფრთხო მიგრაციის ხელშეწყობას, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციასა და სტიქიური უბედურებებისთვის მზადყოფნას. გაგრძელდება აფხაზეთში მცხოვრები თემების მხარდაჭერაც.
ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, 1992 წლიდან საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით 2 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. მათ შორისაა სოფლის მეურნეობისა და რეგიონული ბიზნესის განვითარება, გარემოს დაცვა და აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მოდერნიზაცია.
„საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლის გამო, ევროკავშირი აღარ აფინანსებს საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა განვაგრძობთ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერას“, – ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.