საქართველო ეუთოს პრინციპების ერთგულია და ორგანიზაციის საქმიანობაში კონსტრუქციულად მონაწილეობს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან, იგნაციო კასისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, საქართველო იმ სახელმწიფოებს შორისაა, რომლებსაც აქვთ უფლება, ეუთოს თავმჯდომარეობაზე პრეტენზია განაცხადონ და ორგანიზაციის მუშაობაში საკუთარი წვლილი შეიტანონ.
ბოჭორიშვილმა საქართველოს მიმართ ეუთოს „ვენის მექანიზმისა“ და „მოსკოვის მექანიზმის“ გამოყენებაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, თბილისმა ორივე შემთხვევაში ორგანიზაციასთან ითანამშრომლა და ექსპერტებს საჭირო ინფორმაციის მოპოვებისა და შეხვედრების გამართვის შესაძლებლობა მისცა.
ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები პოლიტიკური მიზნებისთვის ინსტრუმენტად არ უნდა გამოიყენებოდეს.
„ჩვენ ვართ ეუთოსა და მისი პრინციპების ერთგული. საქართველო ყოველთვის ღია იყო ორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომლობისთვის და ასეთად დარჩება“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე იგნაციო კასისი საქართველოს რეგიონული ვიზიტის ფარგლებში ეწვია. თბილისში ის სომხეთიდან ჩამოვიდა. მანამდე კასისი აზერბაიჯანსა და თურქმენეთშიც იმყოფებოდა.