ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები აუცილებელი ფორმატია, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული პრობლემები კვლავ მოუგვარებელია, – ამის შესახებ ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ, შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგნაციო კასისმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კასისმა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით ეუთო-ს როლზე ისაუბრა და ორგანიზაციის საქმიანობის სამი ძირითადი მიმართულება გამოყო: ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი და სპეციალური წარმომადგენლის ინსტიტუტი.
მისი განმარტებით, ჟენევის მოლაპარაკებები უსაფრთხოების, სტაბილურობისა და ჰუმანიტარულ საკითხებზე დიალოგის შესაძლებლობას ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ არსებული პრობლემები ჯერ არ მოგვარებულა, ამ ფორმატის შენარჩუნება აუცილებელია.
„ეს არის ერთადერთი პლატფორმა, სადაც მხარეებს ერთმანეთთან საუბრის შესაძლებლობა აქვთ. მხარეებმა პრობლემები დიალოგის გზით უნდა მოაგვარონ“, – აღნიშნა კასისმა.
ეუთო-ს თავმჯდომარის განცხადებით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი დაძაბულობის შემცირებას, გადაადგილების თავისუფლებასა და შესაძლო ესკალაციის თავიდან აცილებას ემსახურება.
რაც შეეხება სპეციალური წარმომადგენლის ინსტიტუტს, კასისის თქმით, მისი მთავარი ფუნქცია მხარეებს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობაა. ამ მიმართულებით მუშაობს სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენელი, ელჩი კრისტოფ პეტი.
კასისმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული პრობლემების საბოლოო გადაწყვეტისთვის ყველა მხარის შეთანხმებაა საჭირო, რაც ამ დრომდე მიღწეული არ არის.