„ლელო – ძლიერი საქართველო“ სახალხო დამცველს მიმართავს, გამოიყენოს კონსტიტუციითა და კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობის სარჩელთან დაკავშირებით სამართლებრივი პოზიცია წარმოადგინოს.
პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის ინიციატივა საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა პოლიტიკურ უფლებებსა და დემოკრატიულ არჩევანს.
„მივმართავთ საქართველოს სახალხო დამცველს, არ დარჩეს ამ პროცესის მიღმა, გამოიყენოს კონსტიტუციითა და კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და წარმოადგინოს სამართლებრივი პოზიცია. როდესაც ხელისუფლება მოქალაქეებს პოლიტიკური არჩევანის უფლებას ართმევს, სახალხო დამცველმა უნდა დაიცვას ადამიანის უფლებები და თითოეული მოქალაქის თავისუფლება, უნდა დაიცვას ხალხი“, – განაცხადა სიორიძემ.
მისი თქმით, პარტია სახალხო დამცველისგან ელის სამართლებრივ დასკვნას, რომელიც მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებების შეზღუდვის კონსტიტუციურობასა და შესაძლო შედეგებს შეაფასებს. სიორიძის შეფასებით, არსებული ვითარების ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამართლებრივი და საერთაშორისო მექანიზმების გამოყენება.
მან ყურადღება სარჩელის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ ნაწილზეც გაამახვილა. სიორიძის განცხადებით, მასში მმართველი პარტიის საგარეო კურსის კრიტიკა „სახელმწიფო საბოტაჟად“ არის წარმოჩენილი.
„ეს ქმნის სახიფათო პრეცედენტს, როდესაც ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური კურსის წინააღმდეგობა შეიძლება კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ ქმედებად გამოცხადდეს. თუ საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს, რუსეთის „არგაღიზიანების პოლიტიკა“ შესაძლოა ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების ფაქტობრივ სავალდებულო წესად იქცეს“, – აღნიშნა მან.
სიორიძის შეფასებით, საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის რუსეთის რეაქციით განსაზღვრა კონსტიტუციის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ ევროატლანტიკურ კურსს საფრთხეს შეუქმნის.
„თუ საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა შეფასდება იმის მიხედვით „გააღიზიანებს“ თუ არა რუსეთს, 78-ე მუხლი მხოლოდ ქაღალდზე დარჩება, ხოლო ქვეყნის პოლიტიკაზე რეალური ვეტო მოსკოვში, კრემლში გადავა. ეს იქნება არა მხოლოდ კონსტიტუციური პრინციპების უგულებელყოფა, არამედ საქართველოს სუვერენული უფლების ოკუპანტი სახელმწიფოს ინტერესებს დაქვემდებარება“, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.