დევნილ ოჯახებს ფულადი კომპენსაციის მისაღებად განაცხადების წარდგენა დღეიდან 2 ნოემბრის ჩათვლით შეუძლიათ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, განაცხადები ქვეყნის მასშტაბით იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში მიიღება.
„პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და მასში ჩართვა შეუძლია ყველა იმ დევნილ ოჯახს, რომელსაც სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია არ მიუღია. კომპენსაციის ოდენობა ოჯახის თითოეულ დევნილ წევრზე 10 000 ლარს შეადგენს“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.
უწყების განმარტებით, ოჯახებს შეუძლიათ თავად აირჩიონ ფულადი კომპენსაცია ან საცხოვრებლით უზრუნველყოფის არსებული მექანიზმები. ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობა იმ ოჯახებსაც შეუძლიათ, რომლებსაც საცხოვრებელი დამოუკიდებლად უკვე შეძენილი აქვთ და სახელმწიფოსგან ბინის მიღების ნაცვლად კომპენსაცია სურთ.
„განაცხადის წარსადგენად საჭიროა მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო ოჯახის არასრულწლოვანი წევრების შემთხვევაში, დაბადების მოწმობა. განაცხადის შევსებისას ადგილზე უნდა იმყოფებოდეს ოჯახის ყველა სრულწლოვანი დევნილი წევრი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
განაცხადების მიღების პარალელურად, დევნილთა სააგენტო შეამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა ოჯახი პროგრამის კრიტერიუმებს.
„კომპენსაცია განაცხადების მიღების პროცესის დასრულებიდან არაუგვიანეს 45 კალენდარული დღის ვადაში გაიცემა. თანხა დევნილ ოჯახებს „ლიბერთი ბანკის“ ანგარიშებზე ჩაერიცხებათ“, – აცხადებს სამინისტრო.
მიმდინარე წელს პროგრამისთვის 58 მილიონი ლარია გამოყოფილი. ინიციატივა მომდევნო წელსაც გაგრძელდება, განაცხადების მიღების ახალი ეტაპის თარიღი კი დამატებით გამოცხადდება.
სამინისტროს ცნობით, ფულადი კომპენსაციის მექანიზმი განსახლების არსებულ პროგრამებს არ ანაცვლებს. პარალელურად გაგრძელდება საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა და „სოფლად სახლის“ შესყიდვის პროგრამა.