ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას პოლიტიკური და საზოგადოებრივი გამოხმაურება მოჰყვა. ოპოზიციის წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ გადაწყვეტილებას სიტყვის თავისუფლებაზე ზეწოლად აფასებენ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კი აცხადებს, რომ საჯარო სივრცეში შეურაცხყოფას სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა მოჰყვეს.
ჟურნალისტი საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა 19 ოქტომბერს შეუფარდა. სანაია სასამართლო სხდომას არ დასწრებია, რადგან მიიჩნევს, რომ „პოსტების გამო დევნა აბსურდულია“.
საქმე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სამ პოსტს უკავშირდება. შინაგან საქმეთა სამინისტრო ჟურნალისტს პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფას ედავებოდა.
ეს სანაიას ადმინისტრაციული წესით დაკავების პირველი შემთხვევა არ არის. მიმდინარე წლის 22 ივლისს მას 14-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო. მაშინ სამართლებრივი რეაგირების საკითხი შსს-ში მოქმედმა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ დააყენა.
„ამ რეჟიმს ამოვაყირავებთ“ – სანაიას განცხადება დაკავებისას
დაკავებისას ჟურნალისტმა განაცხადა, რომ პატიმრობა მის პოზიციას ვერ შეცვლის და ხელისუფლების მოქმედებების მიზნად საზოგადოების გაჩუმება დაასახელა.
„ბოლომდე! ვერანაირი პატიმრობა ვერ შეცვლის ამ სიტუაციას. ჩემი დაკავების მთავარი მიზანია საზოგადოება გაჩუმდეს, საზოგადოება არ გაჩუმდება არასდროს. ამ რეჟიმს ამოვაყირავებთ, რამდენი დროც არ უნდა დასჭირდეს, აუცილებლად ჩვენი გამარჯვებით დასრულდება. ჩვენი დევიზია ბოლომდე“, – აღნიშნა სანაიამ.
თაზო დათუნაშვილი: „არ უნდა მივიღოთ“
„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი თაზო დათუნაშვილი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტის დაკავების საკითხი მხოლოდ ერთი ადამიანის სამართლებრივ პასუხისმგებლობას არ ეხება. მისი შეფასებით, მსგავსი გადაწყვეტილებების ჩვეულებრივ მოვლენად წარმოჩენა საზოგადოებისთვის სახიფათო ტენდენციას ქმნის.
„თუ ქართულ საზოგადოებას რუტინად გადაექცა ჟურნალისტების 30-30 დღით ციხეში ჩასმა იმის გამო, რასაც ამბობენ ან წერენ, მაშინ ეს საზოგადოება განწირულია დიდი ხანი დიქტატურაში ცხოვრებისთვის“, – განაცხადა დათუნაშვილმა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ ერთმანეთისგან გამიჯნოს ჟურნალისტის გამონათქვამების მიმართ პირადი დამოკიდებულება და მისი პატიმრობის საკითხი.
„იმ ადამიანებსაც მინდა ვუთხრა, რომლებსაც არ მოსწონთ ის, რასაც ვახო სანაია ამბობს ან წერს: არ მოგვწონს, მაგრამ არ შეიძლება ამით ამის გამართლება, რომ ციხეში 30 დღე გაუშვან ჟურნალისტი, ცუდად დაგვიმთავრდება აბსოლუტურად ყველას ძალიან მალე ეს ყველაფერი“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
პაპუაშვილი: „თუ მას ყოფნის ეს სითამამე, რომ საჯარო სივრცეში იყოს უხამსი, მაშინ ის სითამამეც უნდა ეყოს, რომ ამაზე პასუხი აგოს“
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტისთვის შეფარდებულ ადმინისტრაციულ პატიმრობას კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის კონტექსტში განიხილავს.
მისი განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მოქმედი სპეციალური განყოფილება საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის შემთხვევებზე მუშაობს და კონკრეტული თანამდებობის პირების უშუალო მიმართვა აუცილებელი არ არის.
„ჩემს გამო არა და მე არ ვადევნებ ამას თვალყურს. ჩვენ შევქმენით საკანონმდებლო ბაზა იმისთვის, რომ საჯარო სივრცეში შეურაცხყოფას არ ჰქონდეს ადგილი და შსს-ში არის სპეციალური განყოფილება, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მუშაობს ამ საკითხებთან დაკავშირებით ისე, რომ როდესაც ასე გადაწყვეტილებები დგება ხოლმე, ადრესატებმა არც იციან ხოლმე ხშირად და პოსტფაქტუმ იგებენ, რომ მათთან კავშირში იყო ის შეურაცხყოფა საჯარო სივრცეში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, მოქმედი სამართლებრივი მექანიზმების შედეგად სოციალურ ქსელებში უხამსობის შემთხვევები შემცირდა. ის ამტკიცებს, რომ უხამსი გამონათქვამები გამოხატვის თავისუფლებით დაცული არ არის.
„სოცმედიაშიც უხამსობა არის შემცირებული, მე მგონი ეს ყველას ინტერესშია უხამსობა, ლანძღვა – გინება არ იყოს საჯარო სივრცეში. არანაირი კავშირი აზრის გამოხატვასთან, უხამსობას არ აქვს და ის არ არის დაცული აზრის გამოხატვის თავისუფლებით“, – აღნიშნა მან.
პაპუაშვილმა სანაიას საქმის შეფასებისას ევროკავშირის ელჩიც გააკრიტიკა და სიძულვილის წახალისებაში დაადანაშაულა.
„მესმის, როდესაც ევროკავშირის ელჩია თავად ის, ვინც სიძულვილს მხარს უჭერს და აქეზებს, შემდეგ ზოგს ცდუნება აქვს, რომ თავი მოაწონოს ევროკავშირის ელჩს და აჩვენოს, რომ მას მეტი სიძულვილის გამოხატვა შეუძლია, ვიდრე სხვას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამოყენება პირადი არჩევანია, თუმცა ამ არჩევანს სამართლებრივი შედეგებიც ახლავს.
„ასე რომ, თუ მას ყოფნის ეს სითამამე, რომ საჯარო სივრცეში იყოს უხამსი, მაშინ ის სითამამეც უნდა ეყოს, რომ ამაზე პასუხი აგოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“: ჟურნალისტი ხელისუფლების კრიტიკის გამო ისჯება
ვახო სანაიას მიმართ სოლიდარობის განცხადება გაავრცელა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომაც“.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ „ტვ ფორმულას“ წამყვანის ადმინისტრაციული პატიმრობა დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმართული ზეწოლის ნაწილია და ჟურნალისტის კრიტიკულ საქმიანობას უკავშირდება.
„დამოუკიდებელ ჟურნალისტებსა და კრიტიკულ მედიაზე განხორციელებული წნეხი, დევნა და სამართლებრივი მანიპულაციები სწორედ იმ ავტორიტარული სისტემის ნაწილია, რომელიც ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის ჩახშობასა და საზოგადოების დაშინებას ისახავს მიზნად“, – ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაცია ხელისუფლებას ჟურნალისტის პოლიტიკური ნიშნით დასჯაში ადანაშაულებს.
„ვახო სანაია ისჯება ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის მხილების, პრინციპული პოზიციისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გამო“, – აცხადებს ორგანიზაცია.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ხაზს უსვამს დამოუკიდებელი მედიის მნიშვნელობას დემოკრატიული პროცესებისთვის და მხარდაჭერას უცხადებს ჟურნალისტებს, რომლებიც, ორგანიზაციის შეფასებით, პროფესიული საქმიანობის გამო ზეწოლას განიცდიან.
ამრიგად, სანაიასთვის შეფარდებულმა განმეორებითმა ადმინისტრაციულმა პატიმრობამ კიდევ ერთხელ წამოჭრა საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი გამონათქვამების სამართლებრივი რეგულირებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის საკითხი. ხელისუფლების წარმომადგენლები პასუხისმგებლობის აუცილებლობაზე საუბრობენ, ოპოზიცია და უფლებადამცველი ორგანიზაციები კი გადაწყვეტილებას ჟურნალისტურ საქმიანობასა და კრიტიკულ გამოხატვაზე ზეწოლად მიიჩნევენ.