“ Starlink-ის სისტემაში ცვლილებები დონალდ ტრამპს არ უთხოვია, “ – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ჟურნალისტებს  განუცხადა.

მარკო რუბიო გამოცემა The Wall Street Journal-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, უკრაინისთვის Starlink-ის მუშაობის შენელების ბრძანება ილონ მასკმა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, მათ შორის, პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან კონსულტაციის შემდეგ გასცა.  „Starlink-ი კერძო კომპანიაა. მათ კონტრაქტი აქვთ და ეს კონტრაქტი მოიცავს პირობებს, რომლებიც განსაზღვრავს იმას, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ტექნოლოგიის გამოყენება. ჩვენ კერძო კომპანიას ვერ ვეტყვით, რა გადაწყვეტილებები მიიღოს ან არ მიიღოს. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ არც აშშ-ის პრეზიდენტს და არც ჩვენი ადმინისტრაციიდან ვინმეს ამ სისტემაში რაიმე ცვლილება არ უთხოვია“, – განაცხადა რუბიომ.  მისი თქმით, მედიაში გავრცელებული ცნობები, თითქოს აშშ-ის მთავრობამ უკრაინას თავდაცვისთვის აუცილებელი საშუალებების მიწოდებაზე უარი განუცხადა, სიმართლეს არ შეესაბამება.