ოპოზიციის აკრძალვა, დასავლეთთან კავშირების გაწყვეტის საფრთხე და რუსეთის შესაძლო ინტერესები – რას ემსახურება პოლიტიკური პროცესის დაჩქარება? პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი „რადიო მაესტროსთან“ ინტერვიუში საუბრობს იმაზე, რატომ შეიძლება ხელისუფლებისთვის დასუსტებული ოპოზიციაც დაბრკოლება იყოს და რა შედეგები მოჰყვება რეალური პოლიტიკური ალტერნატივის გაქრობას.
ჟურნალისტი: ლეან ჭითანავა
ლეან ჭითანავა: როგორ აფასებთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესს?
გია ხუხაშვილი: ევროპული კურსი რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის კერძო არჩევანი არ არის – ის კონსტიტუციით განსაზღვრული ვალდებულებაა. ამიტომ, როდესაც ევროპული მიმართულების მხარდამჭერ პარტიებს პოლიტიკური საქმიანობის შესაძლებლობა ეზღუდებათ, საკითხი თავად კონსტიტუციური პრინციპების წინააღმდეგ მოქმედებას ეხება.
ამასთან, საუბარი მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიებზე არ არის. ჩამონათვალში არიან პოლიტიკური ძალებიც, რომლებიც თავადაც კრიტიკულად იყვნენ განწყობილი „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ.
ჩემი შეფასებით, ხელისუფლება ცდილობს ისეთი სისტემის ჩამოყალიბებას, სადაც ერთი დომინანტური პარტია იქნება, მის გვერდით კი – ფორმალური ოპოზიცია, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლის რეალური შესაძლებლობა არ ექნება. როგორც კი რომელიმე ძალას ასეთი ამბიცია გაუჩნდება, ისიც სამიზნე გახდება.
ეს ახალი მოდელი არ არის. მსგავსი რამ რუსეთსა და სხვა ავტორიტარულ ქვეყნებში გვინახავს, სადაც დამოუკიდებელი პოლიტიკური ალტერნატივა თანდათან ნადგურდება.
ლეან ჭითანავა: საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია ხელისუფლებისთვის ცნობილია. ამის მიუხედავად პროცესის გაგრძელება დასავლეთისთვის გზავნილად შეიძლება განვიხილოთ?
გია ხუხაშვილი: ჩემი შეფასებით, ხელისუფლების მოქმედებები დასავლეთთან კავშირების საბოლოოდ გაწყვეტისკენ არის მიმართული. საქართველო იმ სივრცისკენ მიჰყავთ, საიდანაც თავის დაღწევას დიდი ძალისხმევა დასჭირდა.
ამ გზის შედეგები ქვეყნისთვის უმძიმესი იქნება.
ლეან ჭითანავა: როგორ შეიძლება საზოგადოებამ მიიღოს პარტიების აკრძალვა?
გია ხუხაშვილი: საზოგადოებრივი პროტესტი აუცილებლად რომელიმე პარტიის მხარდაჭერას არ ნიშნავს. ადამიანი შეიძლება კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას არ ენდობოდეს, მაგრამ მისი ძალადობრივი გზით ჩამოშორების წინააღმდეგი იყოს.
შესაძლოა, ზოგიერთი პარტია მართლაც უნდა გავიდეს პოლიტიკური ასპარეზიდან, თუმცა ეს ბუნებრივი პოლიტიკური გადარჩევით უნდა მოხდეს – მოქალაქეების არჩევანით.
ამიტომ წინააღმდეგობის საფუძველი შეიძლება გახდეს თავად ასეთი წესის მიუღებლობა და არა რომელიმე ლიდერის მოწოდება.
ლეან ჭითანავა: შეიძლება ამ საფრთხემ ოპოზიციურ ძალებს შორის თანამშრომლობა გააძლიეროს?
გია ხუხაშვილი: გააჩნია, რა სახის თანამშრომლობაზე ვსაუბრობთ. ამ პროცესისთვის წინააღმდეგობის გაწევა საერთო ამოცანა შეიძლება იყოს.
თუმცა ეს ავტომატურად არ ნიშნავს ფართო პოლიტიკურ შეთანხმებას ან ერთიანი დღის წესრიგის ჩამოყალიბებას. კონკრეტული საფრთხის წინააღმდეგ თანამშრომლობა და საერთო პოლიტიკური პროექტი სხვადასხვა საკითხია.
ლეან ჭითანავა: რატომ გააქტიურდა ეს პროცესი სწორედ ახლა? უკავშირებთ მას რუსეთის შესაძლო ზეწოლას?
გია ხუხაშვილი: ვიზიარებ მოსაზრებას, რომ რუსეთი საქართველოს მიმართ საკუთარი კონტროლის გაძლიერებასა და მისთვის სასურველი პროცესების დაჩქარებას ცდილობს.
ამ კონტექსტში შეიძლება განვიხილოთ კონსტიტუციური ცვლილებების ინტერესიც. „ქართულ ოცნებას“ ამისთვის საკმარისი ხმები არ აქვს. შესაბამისად, შეიძლება სურდეს ისეთი პოლიტიკური გარემოს შექმნა, რომელშიც საჭირო უმრავლესობის მოპოვებას შეძლებს.
საერთაშორისო ვითარებაც ცვალებადია. მოსკოვმა არ იცის, მომავალში რამდენად ხელსაყრელი პირობები ექნება, ამიტომ ცდილობს არსებული შესაძლებლობები გამოიყენოს.
ლეან ჭითანავა: არსებობს მოსაზრება, რომ ოპოზიცია ისედაც დასუსტებულია და ხელისუფლებას სერიოზულ პრობლემას ვერ უქმნის. მაშინ რატომ სჭირდება მისი აკრძალვა?
გია ხუხაშვილი: ოპოზიციის სისუსტე არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებისთვის ყველა დაბრკოლება მოხსნილია.
შესაძლებელია, „ქართულმა ოცნებამ“ არსებული პოლიტიკური ძალების პირობებშიც მოიგოს არჩევნები, მაგრამ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მიიღოს. ჩემი აზრით, განსხვავება სწორედ აქ არის.
ხელისუფლებას შეიძლება მხოლოდ არჩევნებში გამარჯვება კი არა, ისეთი პოლიტიკური სივრცის შექმნა სურდეს, სადაც შემდგომი გადაწყვეტილებების მიღებაში დამოუკიდებელი კონკურენტები ვეღარ შეუშლიან ხელს.
ლეან ჭითანავა: საუბრობთ რუსეთის შესაძლო მოთხოვნაზე, რომელიც ოკუპირებული რეგიონების აღიარებას ეხება. რამდენად რეალისტურია ასეთი ნაბიჯი საზოგადოების წინააღმდეგობის პირობებში?
გია ხუხაშვილი: პოლიტიკური სივრცის გაკონტროლება არ ნიშნავს, რომ ყველაფერი წინასწარ გადაწყვეტილია. შესაძლოა, ახალი და მოულოდნელი ფაქტორები გაჩნდეს.
ამიტომ ვერც იმას ვიტყვით, რომ ხელისუფლება ყველა ჩანაფიქრს აუცილებლად განახორციელებს. საზოგადოების რეაქციასა და მოვლენების შემდგომ განვითარებას მნიშვნელობა ექნება.