საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვის მოთხოვნით წარდგენილი სარჩელის განხილვის მეორე დღე მხარეთა  დაპირისპირებით, ოპოზიციის შუამდგომლობებზე უარითა და სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ ურთიერთსაპირისპირო შეფასებებით გამოირჩეოდა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოთხოვნები დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვის, მოწმეთა გამოძახებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის საკონსულტაციო დასკვნის მოთხოვნით მიმართვის შესახებ.

მოსარჩელე მხარე ოპოზიციურ პარტიებს პროცესის გაჭიანურების მცდელობაში ადანაშაულებს, ხოლო მოპასუხეები აცხადებენ, რომ სასამართლოს მიერ მათი შუამდგომლობების უარყოფა საქმის მიუკერძოებელი განხილვის მიმართ ეჭვებს აძლიერებს.

პარალელურად, პოლიტიკური პარტიების შესაძლო აკრძალვის საკითხს საერთაშორისო გამოხმაურებაც მოჰყვა. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს ხელისუფლებას სარჩელის უკან გაწვევისკენ მოუწოდა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კი უცხოელი ოფიციალური პირების კრიტიკული განცხადებები სასამართლოზე ზეწოლის მცდელობად შეაფასა.

სასამართლომ მტკიცებულებების გამოთხოვასა და მოწმეთა გამოძახებაზე უარი თქვა

განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი „კოალიცია ცვლილებისთვის“ მიერ წარდგენილი შუამდგომლობა იყო, რომელიც დამატებითი დოკუმენტაციის გამოთხოვას, მოწმეთა ვინაობის დადგენასა და მათ სასამართლოში გამოძახებას ითვალისწინებდა.

კოალიციის ლიდერმა ნიკა გვარამიამ მოითხოვა, რომ სასამართლოს მოსარჩელე მხარისთვის დაევალებინა შესაბამისი მასალების წარმოდგენა, ხოლო იუსტიციის სამინისტროდან, საგარეო საქმეთა სამინისტროდან და მთავრობის ადმინისტრაციიდან გამოეთხოვა საქმისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტები.

შუამდგომლობა ასევე ითვალისწინებდა მოწმეთა იდენტიფიცირებასა და დაკითხვას, შეზღუდული წვდომის მასალების გამოკვლევის წესის განსაზღვრას და მოპასუხე მხარისთვის მიღებული მტკიცებულებების გასაცნობად არანაკლებ ერთთვიანი ვადის მიცემას.

გვარამია ითხოვდა, რომ გამოთხოვილი მასალების მიღებამდე და მოწმეთა მოსმენამდე საქმის არსებითი განხილვა გადადებულიყო.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას განმარტებით, პლენუმი ამ ეტაპზე ვერ დარწმუნდა დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვის აუცილებლობაში. მისი თქმით, მოთხოვნილი მასალები უკავშირდება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას, რომელიც მოპასუხე მხარეს სასამართლოში უკვე წარმოდგენილი აქვს.

ნადარაიამ განაცხადა, რომ განჩინებას პლენუმის სრული შემადგენლობა დაეთანხმა. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

თავად გვარამიამ განმარტა, რომ დოკუმენტაცია არა მოსარჩელის არგუმენტების დასადასტურებლად, არამედ მათი გასაბათილებლად სჭირდება.

მისი თქმით, მოპასუხე მხარეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, სრულყოფილად შეისწავლოს და შეაფასოს ის მასალები, რომლებზეც პოლიტიკური პარტიების აკრძალვის მოთხოვნაა დაფუძნებული.

რატომ არ მიმართა საკონსტიტუციო სასამართლომ სტრასბურგს?

განხილვის მეორე მნიშვნელოვანი საკითხი „ლელო – ძლიერი საქართველოს“ შუამდგომლობა გახდა. პარტიამ სასამართლოს შესთავაზა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის საკონსულტაციო დასკვნის მოთხოვნით მიემართა.

„ლელოს“ წარმომადგენლების განმარტებით, საქმე თავისი მასშტაბით განსაკუთრებულია, რადგან ერთი კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში ხუთი პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვის საკითხი განიხილება.

გიორგი სიორიძის განცხადებით, საერთაშორისო სასამართლოსგან განმარტების მიღება მნიშვნელოვანი იქნებოდა იმის დასადგენად, რა სამართლებრივი სტანდარტები უნდა გამოიყენებოდეს იმ შემთხვევაში, როდესაც ერთ პროცესში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობა ფასდება.

მისი თქმით, ასეთი მასშტაბის ერთობლივი სამართალწარმოების პრეცედენტი საერთაშორისო პრაქტიკაში არ არსებობს.

მსგავსი პოზიცია დააფიქსირა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემაც. მისი განცხადებით, ხუთი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი პოლიტიკური ორგანიზაციის ერთიანი სარჩელით აკრძალვის მოთხოვნა განსაკუთრებულ სამართლებრივ შეფასებას საჭიროებს.

საკონსტიტუციო სასამართლომ ეს შუამდგომლობაც არ დააკმაყოფილა.

რევაზ ნადარაიას განმარტებით, პარტიების აკრძალვის საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო სამართალში უკვე არსებობს შესაბამისი კრიტერიუმები და სტანდარტები, რომელთა გამოყენებაც ეროვნულ სასამართლოს შეუძლია.

სასამართლოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მხოლოდ საქმის მნიშვნელობა ან მისი შესაძლო პრეცედენტული ხასიათი სტრასბურგისთვის მიმართვის საკმარისი საფუძველი არ არის.

მისივე შეფასებით, მოპასუხე მხარის მიერ სასამართლოსადმი უნდობლობის გამოხატვა სამართლებრივად დასაბუთებულ შუამდგომლობას ვერ ჩაანაცვლებს.

ევა გოცირიძის განმარტება – არსებული პრაქტიკა და სასამართლოს დამოუკიდებლობა

სტრასბურგისთვის მიმართვის საკითხზე ვრცელი განმარტება გააკეთა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ევა გოცირიძემ.

მისი თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-16 ოქმი ეროვნული უმაღლესი სასამართლოებისთვის საკონსულტაციო დასკვნის მოთხოვნის შესაძლებლობას ითვალისწინებს, თუმცა ამ მექანიზმის გამოყენება კონკრეტული საქმისთვის მნიშვნელოვანი სამართლებრივი საკითხის განმარტებას უნდა ემსახურებოდეს.

გოცირიძის შეფასებით, პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული ძირითადი სტანდარტები სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტულ პრაქტიკაში უკვე ჩამოყალიბებულია.

მოსამართლემ ყურადღება გაამახვილა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლებზე, პოლიტიკური პარტიების საქმიანობის შეფასების კრიტერიუმებზე, ძალადობის საფრთხესა და პარტიის წევრების ან მხარდამჭერების განცხადებებისთვის პასუხისმგებლობის მიკუთვნების საკითხებზე.

მისი განცხადებით, ამ ეტაპზე ვერ ხედავს ისეთ სამართლებრივ კითხვას, რომლის პასუხიც არსებული პრაქტიკიდან არ გამომდინარეობს და რომლის გამოც ევროპული სასამართლოსთვის მიმართვა აუცილებელი იქნებოდა.

გოცირიძემ ასევე აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლოს საკონსულტაციო დასკვნას სარეკომენდაციო ხასიათი აქვს და ეროვნული სასამართლოსთვის სავალდებულო არ არის.

ამასთან, მან პირადი მოსაზრებაც გამოთქვა მე-16 ოქმით გათვალისწინებული მექანიზმის შესახებ და განაცხადა, რომ ეროვნული სასამართლოს მიერ საერთაშორისო სასამართლოსთვის კონკრეტულ საქმეზე მიმართვა შესაძლოა სასამართლოს დამოუკიდებლობისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის თვალსაზრისით პრობლემურ კითხვებს აჩენდეს.

ოპოზიცია სასამართლოს მიუკერძოებლობას ეჭვქვეშ აყენებს

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შუამდგომლობების უარყოფას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების კრიტიკა მოჰყვა.

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა ბუჩუკურის შეფასებით, სასამართლოს მოქმედებები ქმნის შთაბეჭდილებას, რომ საბოლოო გადაწყვეტილება წინასწარ არის განსაზღვრული.

მისი განცხადებით, განხილვის განმავლობაში მოპასუხე მხარეების არცერთი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილებულა, რაც სასამართლოს მიუკერძოებლობის მიმართ კითხვებს აჩენს.

ბუჩუკურმა აღნიშნა, რომ მისი პარტიაც აპირებს რამდენიმე შუამდგომლობის წარდგენას, თუმცა სასამართლოს აქამდე გამოვლენილი მიდგომა მათი დაკმაყოფილების მოლოდინს ამცირებს.

სასამართლოს დამოუკიდებლობა ეჭვქვეშ დააყენა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ანა წითლიძემაც.

მისი შეფასებით, მოსამართლეები გადაწყვეტილებების მიღებისას დამოუკიდებლად არ მოქმედებენ და საქმის განხილვა სამართლებრივის ნაცვლად პოლიტიკურ ხასიათს ატარებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, ლევან ბეჟაშვილმა, განაცხადა, რომ პოლიტიკური პარტიების შესაძლო აკრძალვის საკითხი მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში ვერ შეფასდება.

მისი თქმით, საქმე ეხება ქვეყნის პოლიტიკურ სისტემას, დემოკრატიულ კონკურენციასა და მოქალაქეთა არჩევანის შესაძლებლობას, რის გამოც პროცესის პოლიტიკური კონტექსტიც მნიშვნელოვანია.

„ქართული ოცნება“ ოპოზიციას პროცესის გაჭიანურებაში ადანაშაულებს

მოსარჩელე მხარე ოპოზიციის ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ შუამდგომლობების მნიშვნელოვანი ნაწილი სამართლებრივად დაუსაბუთებელია.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ გორდულაძის შეფასებით, მოპასუხე პარტიების მიზანი საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების გარკვევა კი არა, სასამართლო განხილვის გაჭიანურებაა.

მისი განცხადებით, ოპოზიცია აყენებს მოთხოვნებს, რომლებსაც უშუალოდ განსახილველ საქმესთან სათანადო კავშირი არ აქვს.

გორდულაძემ „ლელოს“ მიერ სტრასბურგისთვის მიმართვის მოთხოვნაც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ პარტიების აკრძალვის სამართლებრივი სტანდარტები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში უკვე განსაზღვრულია.

მისივე შეფასებით, ასეთი შუამდგომლობები სასამართლოს ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენებას ემსახურება.

მმართველი პარტიის წარმომადგენელი გამოეხმაურა ოპოზიციის არგუმენტსაც, რომლის მიხედვითაც ხუთი პოლიტიკური ორგანიზაციის ერთიანად აკრძალვის მოთხოვნა უპრეცედენტოა.

გორდულაძემ განაცხადა, რომ მსგავსი სასამართლო განხილვის მაგალითი შესაძლოა მართლაც არ არსებობდეს, თუმცა, მისი მტკიცებით, სარჩელში დასახელებული პოლიტიკური პარტიების ურთიერთდაკავშირებული მოქმედებებიც განსაკუთრებულ შემთხვევას წარმოადგენს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა აღნიშნა, რომ მოპასუხე მხარეებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, სასამართლოში წარმოდგენილი სარჩელის არგუმენტები გააბათილონ.

მისი განცხადებით, დამატებითი პროცედურული მოთხოვნების დაყენება აუცილებელი არ არის, რადგან სასამართლომ სწორედ წარმოდგენილი მასალებისა და მხარეთა პოზიციების საფუძველზე უნდა იმსჯელოს.

ოპოზიციის წარმომადგენლების სასამართლოში ქცევა გააკრიტიკა პარლამენტის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმაც.

მისი შეფასებით, მოპასუხე პარტიების წარმომადგენლები სახელმწიფო ინსტიტუტების ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებენ, რაც, ქადაგიშვილის აზრით, მათი პოლიტიკური პოზიციების წინააღმდეგ მოქმედებს.

სასამართლო დარბაზში და მის გარეთ დაპირისპირება

განხილვას თან ახლდა სიტყვიერი დაპირისპირებებიც.

ერთ-ერთი კამათი ნიკა გვარამიასა და არჩილ გორდულაძეს შორის გაიმართა.

გვარამიამ სასამართლოში წარმოდგენილი სარჩელის შინაარსი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ დოკუმენტში საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის საზიანო შეფასებებია მოცემული.

გორდულაძემ მისი ტერმინოლოგია შეურაცხმყოფლად მიიჩნია, რასაც გვარამიამ უპასუხა, რომ ის დოკუმენტის შინაარსს პოლიტიკურად და სამართლებრივად აფასებდა.

სიტყვიერ დაპირისპირებაში ჩაერთო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიაც, რომელმაც მხარეებს განცხადებების ფორმაზე მიუთითა.

კიდევ ერთი ეპიზოდი ბადრი ჯაფარიძის განცხადებას უკავშირდებოდა.

„ლელოს“ ლიდერმა სასამართლოს ყურადღება გაამახვილა მმართველი პარტიის წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების გაუქმებამდე რამდენიმე დღე იყო დარჩენილი.

ჯაფარიძემ ეს მოსამართლეებზე ზემოქმედების მცდელობად შეაფასა.

რევაზ ნადარაიამ საპასუხოდ განაცხადა, რომ სასამართლო პოლიტიკოსების მიერ სხდომის გარეთ გაკეთებულ განცხადებებს ვერ შეაფასებდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსამართლეები ზემოქმედებას არ ექვემდებარებიან.

სიტყვიერი დაპირისპირება სასამართლოს დერეფანშიც მოხდა, სადაც ერთმანეთს „ქართული ოცნების“ წევრი არჩილ გორდულაძე და „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელი ნანა მალაშხია დაუპირისპირდნენ.

მხარეებმა ერთმანეთის მისამართით მწვავე პოლიტიკური შეფასებები გამოთქვეს.

რა საფრთხეებზე საუბრობს ოპოზიცია?

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ სარჩელის შედეგები შესაძლოა უშუალოდ ხუთი პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობის აკრძალვას გასცდეს.

„ლელოს“ წარმომადგენლის, გიორგი სიორიძის შეფასებით, საქმე ეხება არა მხოლოდ პოლიტიკური ორგანიზაციების არსებობას, არამედ საქართველოს დემოკრატიულ სისტემას, საგარეო პოლიტიკურ კურსსა და სახელმწიფო ინტერესებს.

მისი განცხადებით, სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტები, მათ შორის 2008 წლის ომთან დაკავშირებული შეფასებები, შესაძლოა მომავალში სხვა პოლიტიკური ძალების წინააღმდეგაც იქნეს გამოყენებული.

სიორიძე მიიჩნევს, რომ არსებობს პოლიტიკური კონკურენციის შეზღუდვისა და ერთპარტიული მმართველობის განმტკიცების საფრთხე.

ოპოზიცია ასევე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ხუთი განსხვავებული პოლიტიკური ორგანიზაციის მიმართ ერთიანი სარჩელის წარდგენა ართულებს იმის განსაზღვრას, კონკრეტულად რომელ პარტიას რა ქმედება ედება საფუძვლად.

მოსარჩელე მხარე ამ პოზიციას არ იზიარებს და ამტკიცებს, რომ სარჩელში მითითებული პარტიების მოქმედებებს საერთო პოლიტიკური და სამართლებრივი ნიშნები აერთიანებს.

საერთაშორისო გამოხმაურება – ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის მოწოდება

პოლიტიკური პარტიების შესაძლო აკრძალვის საკითხს საერთაშორისო გამოხმაურებაც მოჰყვა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა გუდრუნ კუგლერმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, შეწყვიტოს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა და დემოკრატიული პოლიტიკური კონკურენციის პრინციპებს დაუბრუნდეს.

კუგლერის განცხადებით, პოლიტიკური უთანხმოება არჩევნებისა და ღია დემოკრატიული დებატების გზით უნდა წყდებოდეს და არა პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორების მიზნით ინიცირებული სასამართლო პროცესებით.

მისი შეფასებით, პოლიტიკური პარტიის აკრძალვა განსაკუთრებული ზომაა, რომელიც უმაღლეს დემოკრატიულ და სამართლებრივ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს ხელისუფლებას სარჩელის უკან გაწვევისკენაც მოუწოდა.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებზე, როგორც ეუთოს მონაწილე სახელმწიფოსა და ევროპის საბჭოს წევრის.

პაპუაშვილი: უცხოელი ოფიციალური პირების განცხადებები სასამართლოზე ზეწოლის მცდელობაა

საერთაშორისო კრიტიკას გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

მისი განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიის კონსტიტუციურობის საკითხზე სარჩელის შეტანა პარლამენტის წევრთა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა.

პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქმის არსებითად განხილვამდე სასამართლო პროცესის ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენება მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობად შეიძლება შეფასდეს.

მისი თქმით, უცხოელმა ოფიციალურმა პირებმა საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ განცხადებების გაკეთებისას მეტი თავშეკავება უნდა გამოიჩინონ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ წარსულში საქართველოს მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით უცხოეთიდან გამოთქმული არაერთი კრიტიკული შეფასება, მისი აზრით, უსაფუძვლო აღმოჩნდა.

რა საკითხს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლო?

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელის ავტორები პარლამენტის 88 დეპუტატი არიან.

სარჩელით მოთხოვნილია ხუთი პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა. ესენია:

  • „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“;
  • „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“;
  • „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“;
  • „ფედერალისტური პარტია“;
  • „გახარია საქართველოსთვის“.

მოსარჩელე მხარის მტკიცებით, აღნიშნული პოლიტიკური ძალების საქმიანობა მიმართულია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ და მათი მოქმედებები კონსტიტუციით გათვალისწინებული პოლიტიკური პარტიების საქმიანობის შეზღუდვის საფუძვლებს ქმნის.

სარჩელის ავტორები პარტიების ურთიერთდაკავშირებულ მოქმედებებზე მიუთითებენ და მათ სახელმწიფო ინსტიტუტების ლეგიტიმურობის უარყოფასა და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ საქმიანობაში ადანაშაულებენ.

სარჩელს თან ერთვის პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაც.

ოპოზიციური პარტიები ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ სასამართლო პროცესი პოლიტიკური კონკურენციის შეზღუდვას ემსახურება.

საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი განიხილავს.