რომში საზოგადოებას პირველად წარუდგინეს მსოფლიოში ყველაზე დიდი ძველრომაული კედლის მოზაიკა და დაახლოებით ორი ათასი წლის წინ შექმნილი ფერადი ფრესკა. უნიკალური არქეოლოგიური ძეგლების აღდგენა 14-წლიანი მასშტაბური სარესტავრაციო პროექტის ფარგლებში განხორციელდა.
მოზაიკა, რომელსაც „დიდი მოზაიკა“ უწოდეს, 10 მეტრის სიმაღლისა და 16 მეტრის სიგრძისაა. ის რომში, ოპიუსის ბორცვის ქვეშ მდებარეობს – იმ ტერიტორიაზე, სადაც რომის იმპერატორმა ნერონმა ჩვენი წელთაღრიცხვით 64-68 წლებში თავისი ცნობილი „ოქროს სახლი“ ააშენა.
არქეოლოგ ფრანჩესკო პაჩეტის განცხადებით, აღმოჩენილი ნამუშევარი, სავარაუდოდ, ყველაზე დიდი კედლის მოზაიკაა, რომელიც ოდესმე ძველრომაულ სამყაროში უპოვიათ. ამასთან, გათხრები ჯერ კიდევ გრძელდება და მეცნიერებმა მისი სრული საზღვრები არ იციან.
„ჩვენი შეფასებით, ეს რომაულ სამყაროში აღმოჩენილი ყველაზე დიდი კედლის მოზაიკაა. გათხრებს კვლავ ვაგრძელებთ, რათა დავადგინოთ, სად მთავრდება იგი“, – განაცხადა პაჩეტიმ ძეგლის წარდგენისას.
ნერონის სასახლე თუ უცნობი მდიდარი რომაელის რეზიდენცია?
მოზაიკა ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნით თარიღდება. თუმცა არქეოლოგებისთვის დღემდე გაურკვეველია, თავდაპირველად ის ნერონის მდიდრული სასახლის ნაწილი იყო თუ დამოუკიდებელ კერძო რეზიდენციას ეკუთვნოდა, რომელიც იმპერატორმა მოგვიანებით საკუთარი სასახლის კომპლექსში გააერთიანა.
ტერიტორია რომის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ისტორიული ძეგლის, კოლიზეუმის სიახლოვეს მდებარეობს.
109 წელს იმპერატორმა ტრაიანემ ეს ტერიტორია საზოგადოებრივ აბანოებად გადააკეთა. მკვლევრების ვარაუდით, „დიდი მოზაიკა“ და მის მახლობლად მდებარე ფრესკა, სახელწოდებით „მოხატული ქალაქი“, აბანოების ინტერიერის მნიშვნელოვან დეკორატიულ ელემენტებს წარმოადგენდა.
იდუმალი ქალაქი, რომლის არსებობაც ისტორიკოსებს ჯერ არ დაუდგენიათ
მოზაიკის ნაწილი ჯერ კიდევ 1990-იან წლებში მიმდინარე არქეოლოგიური გათხრებისას აღმოაჩინეს. მიუხედავად იმისა, რომ მისი ზოგიერთი ფრაგმენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა, შემორჩენილი გამოსახულება გასაოცარი დეტალურობით გამოირჩევა.
მოზაიკაზე ჩიტის გაფრენის სიმაღლიდან დანახული, გალავნით შემოსაზღვრული საპორტო ქალაქია გამოსახული. მას აქვს საზოგადოებრივი მოედნები, კოშკები და არქიტექტურული ნაგებობები, რომლებიც ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში ფართოდ გავრცელებული არ ყოფილა.
ნამუშევარში გამოყენებულია ლურჯი და ტერაკოტისფერი ტონები, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში პირვანდელი სიმკვეთრე ნაწილობრივ დაკარგა.
გამოსახულება იმდენად დეტალურია, რომ ქალაქში მიმდინარე სხვადასხვა სცენა თეატრალურ წარმოდგენას მოგვაგონებს.
მოზაიკის ზედა ნაწილში გამოსახული პერსონაჟები თითქოს ზემოდან ადევნებენ თვალს საპორტო ქალაქში განვითარებულ მოვლენებს.
მათ შორის არიან ადამიანის ბუნებრივი ზომის წვერიანი ფილოსოფოსი და მისი მუზა, რამდენიმე ქანდაკება და ახალგაზრდა პოეტი.
კომპოზიციაში ასევე ჩანს თეატრალური სცენა, სვეტები, ყვავილწნულები და მცენარეული ორნამენტები. განსაკუთრებულ ვიზუალურ ეფექტს ქმნის ლურჯი და თეთრი მარმარილო და ძვირფასი ქვები, რომლებიც ზღვის ზედაპირზე მზის სხივების ანარეკლს ასახავს.
თუმცა მოზაიკის ყველაზე დიდი საიდუმლო თავად ქალაქის ვინაობაა.
მეცნიერებმა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს, გამოსახულება რეალურად არსებულ ძველრომაულ ქალაქს ასახავს თუ მხატვრის წარმოსახვით შექმნილ იდეალურ, უტოპიურ დასახლებას.
„შესაძლოა, ეს რეალური ადგილი იყოს, ან წარმოსახვითი ქალაქი – ჯერჯერობით დარწმუნებით ვერაფერს ვამბობთ“, – განმარტავს ფრანჩესკო პაჩეტი.
არქეოლოგის თქმით, დღეს ცნობილი არცერთი ძველი ქალაქი მოზაიკაზე გამოსახულ ყველა დამახასიათებელ ნიშანს არ შეესაბამება. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ასეთი საპორტო დასახლება მოზაიკის შექმნის პერიოდში მართლაც არსებობდა.
ორი ათასი წლის წინანდელი ფრესკა
მოზაიკასთან ერთად აღადგინეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ნიმუში – ფრესკა „მოხატული ქალაქი“, რომელიც იმ სივრცის შესასვლელთან, ორ სვეტს შორის მდებარეობს, სადაც მოზაიკა აღმოაჩინეს.
ფრესკაც 1990-იან წლებში იპოვეს და ისიც ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნით თარიღდება.
დაახლოებით 10 კვადრატული მეტრის ფართობის ნამუშევარი დეტალურობით მოზაიკას არ ჩამოუვარდება. მასზე გამოსახულია გალავნით შემოსაზღვრული ქალაქი, ნავსადგურის შესასვლელი კარიბჭე, გზები, თეატრი და ტაძარი.
არქეოლოგები ამჟამად მოზაიკის კიდევ ერთი ნაწილის გამოსავლენად მუშაობენ, რომელზეც ყურძნის მოსავლის აღებისა და ღვინის დამზადების სცენებია გამოსახული.
ძველრომაული აბანოები, რომლებიც ბიბლიოთეკის ფუნქციასაც ასრულებდა
ისტორიული კომპლექსი დაახლოებით 60 ათას კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული და მოიცავს ტრაიანეს აბანოების ნანგრევებს.
განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს კომპლექსის დიდი ნახევარწრიული კედელი – ექსედრა, რომელშიც სპეციალური ნიშებია მოწყობილი.
მკვლევრების შეფასებით, ეს არქიტექტურული დეტალები მიანიშნებს, რომ აბანოების ნაწილი შესაძლოა ანტიკურ ბიბლიოთეკადაც გამოიყენებოდა.
რომის ხელისუფლების განცხადებით, ტერიტორია უახლოეს მომავალში წიგნების პრეზენტაციებს უმასპინძლებს, რაც ისტორიული სივრცის სავარაუდო თავდაპირველ ფუნქციასთან სიმბოლური დაბრუნება იქნება.
ვიზიტორებისთვის უკვე დამონტაჟებულია სპეციალური სასეირნო ბილიკები და განათების სისტემა, რომელიც მოზაიკისა და ფრესკის უმცირესი დეტალების უკეთ დანახვის შესაძლებლობას იძლევა.
„ჩვენ ქალაქს ამ უნიკალურ საოცრებას ვუბრუნებთ“, – განაცხადა რომის მერმა რობერტო გუალტიერიმ ძეგლის გახსნის ცერემონიაზე.
წყარო: CNN

