უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის ამოქმედებაზე ერთობლივი მუშაობის გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შესახებ ორივე ქვეყნის ლიდერმა თურქეთში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ზელენსკის ინფორმაციით, შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი შავი ზღვის უსაფრთხოებას, სასურსათო უსაფრთხოებასა და რეგიონში თანამშრომლობის გაძლიერებას დაეთმო.

„სიმბოლურია, რომ ჩვენი შეხვედრა შავი ზღვის საერთაშორისო დღეს გაიმართა. პრეზიდენტ ერდოღანთან ერთად განვიხილეთ ახალი იდეები და წინადადებები, რომლებიც ვითარების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. დღეს შევთანხმდით, რომ ვიმუშავებთ შავი ზღვის მარცვლეულის დერეფანზე, რათა ის არსებობდეს და ეფექტიანად ფუნქციონირებდეს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, მხარეებმა ასევე განიხილეს ერთობლივი სამრეწველო და ეკონომიკური პროექტები, ენერგეტიკული თანამშრომლობა და ინფრასტრუქტურის განვითარება.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ძალაში შესვლა უკრაინული და თურქული ბიზნესისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

შეხვედრის ფარგლებში ზელენსკი თურქული ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებსაც შეხვდა. მისი განცხადებით, უკრაინა მომავალი კვირიდან გენერატორებისა და სხვა ენერგეტიკული აღჭურვილობის მიწოდების ზრდას ელოდება.

თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს უკრაინაში მშვიდობის დამყარებისკენ მიმართული დიპლომატიური ძალისხმევა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები.

ერდოღანის თქმით, თურქეთი მიესალმება ომის დიპლომატიური გზით დასრულების მცდელობების გააქტიურებას, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მონაწილეობით მიმდინარე ძალისხმევას.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ მშვიდობისკენ მიმავალი გზის გასახსნელად“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ერდოღანმა ყურადღება გაამახვილა შავ ზღვაში უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესებაზეც. მისი თქმით, ბოლო პერიოდში სამხედრო დაპირისპირების ესკალაციის ფონზე, საბრძოლო მოქმედებები შავი ზღვის აკვატორიაშიც ვრცელდება.

თურქეთის პრეზიდენტმა განსაკუთრებით გააკრიტიკა სამოქალაქო გემებზე თავდასხმები და აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებები რეგიონში დაძაბულობას ზრდის.

„სამოქალაქო გემებზე თავდასხმები და ნაბიჯები, რომლებიც შავ ზღვაში ესკალაციას გააძლიერებს, არავის მოუტანს სარგებელს. ასეთი თავდასხმები, მიუხედავად იმისა, ვინ ახორციელებს მათ ან რა მიზეზით, ჩვენთვის მიუღებელია“, – განაცხადა ერდოღანმა.

მისივე თქმით, ანკარა ყველა მხარეს პასუხისმგებლიანი მოქმედებისკენ მოუწოდებს და შავ ზღვაში უსაფრთხო ნაოსნობის აღდგენის მიზნით კონსულტაციებს გააგრძელებს.

თურქეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მხარდაჭერა.

შეხვედრაზე ეკონომიკურ ურთიერთობებზეც იმსჯელეს. ერდოღანის განცხადებით, 2022 წელს ხელმოწერილი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პირველ ოქტომბერს ძალაში შესვლა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

მისი შეფასებით, შეთანხმება ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის 10 მილიარდ დოლარამდე გაზრდის მიზანს ხელს შეუწყობს.

ერდოღანმა ასევე გამოთქვა იმედი, რომ თურქული კომპანიები, რომლებმაც ომის მიუხედავად უკრაინაში საქმიანობა გააგრძელეს, ქვეყნის ომისშემდგომ აღდგენაშიც მნიშვნელოვან მონაწილეობას მიიღებენ.

ზელენსკიმ თურქეთის პრეზიდენტს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ანკარის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.