„სამუშაო ძალა უკვე სოფლის მეურნეობის ტოპ-3 გამოწვევაშია, თუ პირველ ადგილზე არა“, – ამის შესახებ ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, რატი კოჭლამაზაშვილმა, „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისი თქმით, წელს სოფლის მეურნეობის სექტორში არაერთი გამოწვევა გამოვლინდა, მათ შორის კლიმატური პირობები.
ამასთან, კოჭლამაზაშვილის შეფასებით, სამუშაო ძალის დეფიციტი სულ უფრო მწვავე პრობლემად იქცევა, განსაკუთრებით მოსავლის აღების პერიოდში, როდესაც ცალკეულ რეგიონებში მუშახელის საჭიროება მოკლე დროში მნიშვნელოვნად იზრდება. „ჩვენი სოფლის მეურნეობაც მოწყვლადია კლიმატური ცვლილებების მიმართ, გამომდინარე იქიდან, რომ არ გვაქვს იგივე თანამედროვე ტექნოლოგიები დანერგილი, მხოლოდ მცირე რაოდენობით არის. იგივე სარწყავი სისტემების მიმართულებითაც, ძირითადად, მიშვებით მორწყვაა პრაქტიკა, რაც ძალიან დიდი რაოდენობით წყალს მოიხმარს მაშინ, როდესაც წლიდან წლამდე შეიძლება დეფიციტი შეიქმნას.
წელს, კიდევ კარგი, სიტუაცია კარგი იყო. მოგეხსენებათ, ნალექები საკმაოდ მაღალი იყო და ეს პრობლემა მწვავედ არ დამდგარა საქართველოში. თუმცა, ვხედავთ, რომ, მაგალითად, ევროპაში ძალიან ცხელი ზაფხული იყო, რეკორდულიც კი. ეს პროცესი შეიძლება ამ რეგიონშიც განვითარდეს და ა.შ. ამიტომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა გვალვაა. შესაბამისად, წყლის ოპტიმიზაცია სოფლის მეურნეობაში მნიშვნელოვანია.
აღარაფერს ვამბობ სეტყვაზე, რომელიც წელსაც საკმაოდ პრობლემური იყო. რამდენჯერმე დაისეტყვა რეგიონები, განსაკუთრებით კახეთი. ბევრ ფერმერს მიადგა ზარალი. სხვა რეგიონებშიც იყო ასეთი შემთხვევები.
ეს სწრაფი ცვლილება სიცხესა და სიცივეს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია დაავადებების გაჩენის კუთხით, რაც, რა თქმა უნდა, ანადგურებს მოსავალს და საბოლოოდ აისახება პროდუქციის რაოდენობასა და ხარისხზე, რაც, ფაქტობრივად, შემოსავლებზეც აისახება.
წელს, მიუხედავად იმისა, რომ გვალვა არ გვქონია, სამაგიეროდ, სხვა პრობლემები დაგვხვდა. იგივე ჭარბი ნალექი დასავლეთში, რაც შემდეგ თხილის ხარისხზეც აისახა. ასევე, ყურძენთან დაკავშირებით შაქრიანობის მომატება ძალიან გაჭირდა. ჯერ კიდევ წინ არის წელი, მაგრამ წლევანდელი წელი საკმაოდ სავსე იყო გამოწვევებით. ამას დაემატა დიზელის ფასის ზრდა. წელს, მოგეხსენებათ, სარწყავი წყლის ფასი გაიზარდა, ელექტროენერგიის ფასიც გაიზარდა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ მუშახელი სულ უფრო ძვირდება და სულ უფრო დეფიციტური ხდება.
ემიგრანტთა სტატისტიკაც გამოქვეყნდა და ადასტურებს, რომ წლიდან წლამდე სულ უფრო მეტი ადამიანი ტოვებს [ქვეყანას]. ეს იმას ნიშნავს, რომ რეგიონებში კიდევ უფრო ნაკლები მუშახელი რჩება, რომელიც პოტენციურად შეიძლება ჩაერთოს მოსავლის აღების პერიოდში. სამუშაო ძალა უკვე სოფლის მეურნეობის ტოპ-3 გამოწვევაშია, თუ პირველ ადგილზე არა. წლიდან წლამდე ვხედავთ, რომ მუშახელის დეფიციტი სახეზეა. ეს განსაკუთრებით მოსავლის აღებას ეხება. მოგეხსენებათ, სხვადასხვა რეგიონში მონოკულტურები გვაქვს. კახეთში ძირითადად რთველია და სულ რაღაც 1,5 თვეა, როდესაც მუშახელია საჭირო. როგორც წესი, ამ რეგიონის სამუშაო ძალა საკმარისი არ არის და სხვა რეგიონებიდან ხდება მუშახელის მობილიზება.
გაზაფხულის ბოლოს, ივნისში, მოცვის მოსავლის აღების პერიოდია, შემდეგ კი დასავლეთში, აგვისტოდან, თხილის მოსავლის აღება იწყება. გვაქვს გარკვეული მოკლე პერიოდები, როდესაც კონკრეტული კულტურის მოსავლის ასაღებად ძალიან ბევრი მუშახელია საჭირო, თუმცა, ის საკმარისი რაოდენობით არ არის. როდესაც მოსავლის აღება დროულად არ ხდება, პროდუქცია ფუჭდება, რის შედეგადაც ვიღებთ არასტანდარტულ ან გაფუჭებულ მოსავალს. სწორედ ამ ვადების დარღვევითაც არის გამოწვეული ეს პრობლემა.
სხვა სექტორებიც იმავეს ამბობენ. თუ კოვიდამდე საუბარი ძირითადად კვალიფიციური მუშახელის დეფიციტზე იყო, კოვიდის შემდეგ უკვე ზოგადად მუშახელის დეფიციტზე ვსაუბრობთ“, – განაცხადა რატი კოჭლამაზაშვილმა.