აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შუალედური არჩევნების შესაძლო შედეგებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კონგრესში დემოკრატების მიერ უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში შესაძლოა, პრეზიდენტის ვეტოს უფლების აქტიურად გამოყენება მოუწიოს.
როგორც Bloomberg-ი იუწყება, ტრამპმა აღნიშნა, რომ ასეთ ვითარებაში შესაძლოა, „მისტერ ვეტოდ“ იქცეს.
„ისინი კანონპროექტებს გამოაგზავნიან, შენ კი ვეტოს დაადებ. საბოლოო ჯამში, მას შემდეგ, რაც ერთი-ორი თვის განმავლობაში ყველაფერს ვეტო დაედება – რაც, მოგეხსენებათ, უბრალოდ დროის ფუჭი კარგვაა – ისინი მოვლენ და შეთანხმებას დადებენ“, – აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა მესამე საპრეზიდენტო ვადით არჩევის შესაძლებლობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, სურვილის მიუხედავად, კონსტიტუციით დაწესებული შეზღუდვები ამის საშუალებას არ აძლევს.
ტრამპმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის პოსტზე „სიამოვნებით იყრიდა კვლავ კენჭს, ამის შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, თუმცა [კონსტიტუციის] ფორმულირება ძალიან მკაცრია“.
აშშ-ის კონსტიტუციის 22-ე შესწორება ერთი და იმავე პირის პრეზიდენტად ორზე მეტი ვადით არჩევას კრძალავს.