კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) ყოფილი გენერალური მდივნის, ნიკოლაი ბორდიუჟას განცხადებით, საქართველომ უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნაზე, რადგან, მისი შეფასებით, ქართველებმა გააცნობიერეს, რომ დასავლეთს მათი სამხედრო კონფლიქტში ჩართვა სურდა. ამის შესახებ ბორდიუჟამ რუსულ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ჩემი აზრით, ქართველები ძალიან ბრძენი ხალხია. მათ გაიგეს, საით მიჰყავდათ და როგორ იყენებდნენ. უკრაინელებმა ეს ვერ გაიგეს, ქართველებმა კი გაიგეს. როდესაც სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაიწყო, მათ მეორე ფრონტის გახსნა შესთავაზეს, მაგრამ უარი თქვეს. მიხვდნენ, რომ მათი გამოყენებაც უბრალოდ საზარბაზნე ხორცად სურდათ და ძალიან გონივრულად აარიდეს ამას თავი“, – განაცხადა ბორდიუჟამ.
მისი მტკიცებით, დასავლეთის პარტნიორი ქვეყნები დროთა განმავლობაში აცნობიერებენ, რა მიზნებისთვის ცდილობენ მათ გამოყენებას, სანაცვლოდ კი ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას სთავაზობენ.
ბორდიუჟამ ეჭვქვეშ დააყენა საქართველოსა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობაც.
„ადრე თუ გვიან ნათელი ხდება, რა სურთ შენგან. ქართველებმაც გაიგეს, რას ითხოვდნენ მათგან. ევროპა ათასობით კილომეტრით არის დაშორებული. ნამდვილად სურს ევროკავშირს საქართველოს თავის შემადგენლობაში მიღება? ძალიან მეპარება ეჭვი. ამ თემით თამაში და დაპირებების გაცემა შეიძლება, რასაც ისინი აკეთებენ კიდეც. ევროპას საქართველო ევროკავშირში საერთოდ არ სჭირდება, უკრაინა კი, მით უმეტეს“, – განაცხადა მან.