2025 წელს საქართველოში სამეცნიერო კვლევებსა და ექსპერიმენტულ განვითარებაზე გაწეულმა ხარჯებმა 282.2 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 16.2%-ით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) ავრცელებს.

საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანაში სამეცნიერო კვლევებს 69 უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება ახორციელებდა.

კვლევებისა და ექსპერიმენტული განვითარების მიმართულებით დასაქმებულთა რაოდენობა წლიურად 2.2%-ით გაიზარდა და 16 552 ადამიანს მიაღწია. მათგან 14 390 უშუალოდ მკვლევარია.

მკვლევრების 55.1% ქალია, ხოლო 44.9% – კაცი.

მკვლევრების უმრავლესობას დოქტორის ხარისხი აქვს

განათლების დონის მიხედვით, მკვლევრების ყველაზე დიდი ნაწილი დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს ფლობს.

კერძოდ, მკვლევრების:

  • 67.5%-ს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი აქვს;
  • 29.8%-ს – მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული;
  • 2.7%-ს – ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული.

რომელ ასაკობრივ ჯგუფებში არიან ყველაზე მეტი მკვლევრები?

ასაკობრივი განაწილების მიხედვით, ქალ მკვლევრებს შორის ყველაზე მაღალი წილი 45-54 წლის ასაკობრივ ჯგუფზე მოდის და 22.9%-ს შეადგენს.

კაცების შემთხვევაში კი ყველაზე დიდი წილი 65 წლისა და უფროსი ასაკის მკვლევრებზე მოდის – 24.4%.

რომელ სამეცნიერო სფეროებში მუშაობს ყველაზე მეტი მკვლევარი?

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში მკვლევრების ყველაზე დიდი ნაწილი სოციალური მეცნიერებების მიმართულებით საქმიანობს.

ამ სფეროში 3 250 მკვლევარია დასაქმებული, რაც მკვლევრების საერთო რაოდენობის 22.6%-ს შეადგენს.

ყველაზე მცირე რაოდენობის მკვლევარი სოფლის მეურნეობისა და ვეტერინარიის მიმართულებით მუშაობს. ამ სფეროში დასაქმებულია 474 ადამიანი, ანუ მკვლევრების 3.3%.

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური