გაზრდილი ტვირთნაკადი, ინფრასტრუქტურის განვითარება და საერთაშორისო მარშრუტების ცვლილება – როგორ შეუძლია საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობების ეკონომიკურ სარგებლად გარდაქმნა? „მაესტროს ბიზნეს თაიმის“ სტუმარი, Kairos Logistics-ის გენერალური დირექტორი მიხეილ ნამადოვი, საუბრობს რეგიონულ თანამშრომლობაზე, ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე, ლოგისტიკური ცენტრების განვითარებასა და ქართული კომპანიების კონკურენტუნარიანობაზე.
— თქვენი შეფასებით, საქართველო რეგიონულ ლოგისტიკურ ჰაბად უნდა ჩამოყალიბდეს. რამდენად დინამიურად მიმდინარეობს ეს პროცესი და რა უშლის ხელს მიზნის მიღწევას?
— პროცესი დინამიურია. ვითარდება ახალი მიმართულებები და საქართველოს როლი საერთაშორისო გადაზიდვებში უფრო აქტიურად განიხილება. რუსეთ-უკრაინის ომისა და სატრანსპორტო მარშრუტების ცვლილების შემდეგ შუა დერეფნის მიმართ ინტერესი გაიზარდა.
ჩვენი კომპანიებისთვის ეს ახალი შესაძლებლობაა. დიდხანს ძირითადად საქართველოს ბაზარზე ვიყავით ორიენტირებული, ახლა კი საერთაშორისო მარშრუტებზე საქმიანობის გაფართოების საშუალება გვაქვს. ამ შესაძლებლობას შესაბამისი განვითარებით უნდა ვუპასუხოთ.
— რა უნდა გაკეთდეს, რომ საქართველო გადამზიდავებისა და ტვირთმფლობელებისთვის უფრო მიმზიდველი გახდეს?
— საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მნიშვნელოვანია, მაგრამ მხოლოდ ქვეყნის შიგნით სიმძლავრეების გაზრდა საკმარისი არ არის.
ჩვენ დამოკიდებული ვართ აზერბაიჯანზე, კასპიის ზღვაზე და მარშრუტის სხვა მონაკვეთებზე. თუ საქართველოში გამტარუნარიანობა გაიზრდება, პარტნიორ ქვეყნებშიც შესაბამისი შესაძლებლობები უნდა არსებობდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი მარშრუტი ეფექტიანად ვერ იმუშავებს.
ეს კომპლექსური ამოცანაა. აუცილებელია, პარტნიორებს გრძელვადიან თანამშრომლობაში დავანახოთ ინტერესი. თუ გაზრდილ მოთხოვნას სათანადოდ ვერ მოვემსახურებით, ეს ჩვენს კონკურენტუნარიანობაზე უარყოფითად აისახება.
— რამდენად მზად არის არსებული ინფრასტრუქტურა გაზრდილი ტვირთნაკადის მისაღებად?
— არსებული ნაკადების გადამუშავებას ვახერხებთ, თუმცა პიკური დატვირთვის დროს ფოთის ტერმინალებში გამოწვევები ჩანს.
ამიტომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დამატებითი სიმძლავრეების შექმნა, არამედ პროცესების ეფექტიანობის გაზრდაც. ინფრასტრუქტურა და მომსახურება ერთად უნდა განვითარდეს, რათა ტვირთის მოძრაობა უფრო გამართული იყოს.
— რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით სად გვაქვს უპირატესობა და სად – ჩამორჩენა?
— ერთ-ერთი პრობლემა ქართული სატრანსპორტო კომპანიების კაპიტალიზაცია და დაფინანსების შესაძლებლობებია. სექტორს განვითარებისთვის ფინანსური ინსტრუმენტები სჭირდება, მათ შორის სალიზინგო მიმართულება.
ამავდროულად, საქართველოს საავტომობილო გადაზიდვების თვალსაზრისით ხელსაყრელი მდებარეობა აქვს – შეგვიძლია სხვადასხვა მიმართულების დაკავშირება.
საბაჟო პროცედურების მოქნილობაც ჩვენი უპირატესობაა. პარტნიორებისთვის საქართველოში მუშაობა შედარებით კომფორტულია და ეს შესაძლებლობა უკეთ უნდა გამოვიყენოთ.
— თქვენ აღნიშნავთ, რომ ლოგისტიკა მხოლოდ გზები და პორტები არ არის. რა მნიშვნელობა აქვს ლოგისტიკურ ცენტრებს, რკინიგზასთან კოორდინაციასა და გაციფრულებას?
— ამ მიმართულებით ცალკეული ინიციატივები და დაინტერესებული ჯგუფები არსებობს, თუმცა უფრო გეგმური განვითარებაა საჭირო.
საინტერესოა ინდუსტრიული პარკების მოდელი, სადაც ერთ სივრცეში მუშაობენ ლოგისტიკური ოპერატორები, გადამზიდავები, რკინიგზა და საბაჟო მომსახურება. ასეთი გაერთიანება მასშტაბის ეკონომიის შესაძლებლობას ქმნის.
ჰაბი მხოლოდ ცალკე აღებული პორტი ან ტერმინალი არ არის. სხვადასხვა ობიექტის აშენება გარკვეულ ეფექტს იძლევა, მაგრამ გრძელვადიანი შედეგისთვის მათ შორის კოორდინაციაა აუცილებელი.
— როგორ ხედავთ სახელმწიფოს როლს ამ პროცესში?
— სახელმწიფოს მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები აქვს დაწყებული. კარგი იქნება, მათ პარალელურად ინდუსტრიული პარკების განვითარებაზეც გაკეთდეს აქცენტი.
როდესაც საერთაშორისო კომპანია ქვეყანაში ასეთ ინფრასტრუქტურას ხედავს, მას უფრო სერიოზულად განიხილავს რეგიონულ ჰაბად.
საქართველოს აქვს შესაძლებლობა, რეგიონში საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს. ამისთვის ცალკეული პროექტები ერთმანეთთან უნდა იყოს დაკავშირებული და ერთიან განვითარებას ემსახურებოდეს.
— ანაკლიის პორტის წარმატებით განხორციელება რამდენად გააძლიერებს საქართველოს კონკურენტუნარიანობას?
— მნიშვნელოვნად გააძლიერებს. დამატებითი საპორტო სიმძლავრეების საჭიროება უკვე არსებობს.
ლოგისტიკაში მხოლოდ ტვირთის მიღება არ არის მნიშვნელოვანი – საჭიროა მისი დროული და ეფექტიანი გადამუშავება. როდესაც დიდი გემის მომსახურება პორტსა და მის მიმდებარე ინფრასტრუქტურაზე ძლიერ დატვირთვას ქმნის, ეს მთელი პროცესის მუშაობაზე აისახება.
ანაკლიის პროექტი დამატებით შესაძლებლობას მოგვცემს და ტვირთმფლობელების ნდობის ზრდასაც შეუწყობს ხელს. თუმცა პორტთან ერთად დანარჩენი ინფრასტრუქტურის განვითარებაც აუცილებელია.
— რამდენად ეფექტიანია სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობა?
—კერძო სექტორი პროცესებში აქტიურად არის ჩართული. თუმცა არსებობს მასშტაბური საკითხები, რომელთა გადაწყვეტასაც მაკრო დონეზე მიღებული გადაწყვეტილებები სჭირდება.
ჩვენი ამოცანაა ისეთი კომპანიების განვითარება, რომლებიც ევროპას, კავკასიასა და ცენტრალურ აზიას შორის გადაზიდვებს მოემსახურებიან. ამის შესაძლებლობა გვაქვს, მაგრამ შესაბამისი პირობები და სექტორის შესაძლებლობების გაძლიერებაა საჭირო.
კერძო სექტორმაც საკუთარი სამუშაო უნდა შეასრულოს და კომპეტენციები განავითაროს.
— გაზრდილი სატრანზიტო ნაკადიდან რამდენად რჩება ეკონომიკური სარგებელი საქართველოში?
— მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ლოგისტიკური მომსახურების ექსპორტია.
დღეს, ჩემი შეფასებით, ამ მომსახურების წმინდა იმპორტიორები ვართ – უცხოურ ლოგისტიკურ სერვისებში უფრო მეტს ვიხდით, ვიდრე შესაბამისი მომსახურებით ქვეყანაში შემოდის.
ამიტომ მხოლოდ საქართველოს გავლით ტვირთის მოძრაობაზე არ უნდა ვიყოთ ორიენტირებული. ქართულმა კომპანიებმა თავადაც უნდა გაზარდონ მონაწილეობა გადაზიდვებსა და მომსახურებაში.
ჩვენთვის იხსნება ბაზრები, რომლებიც ადრე საქართველოს ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ. ამ შესაძლებლობების გამოყენება სექტორს დამატებით შემოსავალს მოუტანს.
— რა ეტაპზეა ქვეყანა ლოგისტიკურ ჰაბად გარდაქმნის გზაზე და რა დრო შეიძლება დასჭირდეს ამ პროცესს?
— სერიოზული ტრანსფორმაციის პერიოდში ვართ. ვფიქრობ, განვითარება მომდევნო ათი–თხუთმეტი წლის განმავლობაშიც გაგრძელდება.
მნიშვნელოვანია თავად სექტორის აქტიურობა და დაჩქარებული განვითარება. გვჭირდება უფრო წინმსწრები მოქმედება – მხოლოდ უკვე გაზრდილ ნაკადებზე რეაგირება საკმარისი არ იქნება.
შესაძლებლობა არსებობს, რომ მეტი ტვირთი მოვიზიდოთ და უფრო მეტი მომსახურებაც შევთავაზოთ ბაზარს. მიზანი უნდა იყოს, რომ საქართველომ ამ მოძრაობიდან მეტი ეკონომიკური სარგებელი მიიღოს.
ჟურნალისტი: ლევან ჭითანავა
გადაცემის სტუმარი: მიხეილ ნამადოვი, Kairos Logistics-ის გენერალური დირექტორი