საფრანგეთში 5 ნოემბრისთვის დაგეგმილ მასშტაბურ საპროტესტო აქციებსა და ეროვნულ გაფიცვაში მონაწილეობისკენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებსა და პოლიციელებსაც   მოუწოდებენ.

საფრანგეთის შრომის გენერალური კონფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს პროფკავშირულმა ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც უწყების ყველა თანამშრომელს, მათ შორის პოლიციელებს, ადმინისტრაციულ, ტექნიკურ და სპეციალიზებულ პერსონალს, საპროტესტო მობილიზაციაში ჩართვისკენ მოუწოდებს.

საფრანგეთის კანონმდებლობით, მოქმედ პოლიციელებს გაფიცვის უფლება არ აქვთ. შესაბამისად, პროფკავშირი მათ მოუწოდებს, არასამუშაო დროს, სამოქალაქო ტანსაცმლით შეუერთდნენ დემონსტრაციებს. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ და ტექნიკურ პერსონალს გაფიცვაში მონაწილეობის უფლება კანონით აქვს მინიჭებული.

პროფკავშირი ხელისუფლების მიერ მომზადებულ 2027 წლის ბიუჯეტის პროექტს აკრიტიკებს. ორგანიზაციის განცხადებით, დოკუმენტი თანამშრომელთა ანაზღაურების გაყინვას ითვალისწინებს. უკმაყოფილების მიზეზია პრემიების განაწილების არსებული სისტემაც. პროფკავშირის მტკიცებით, სხვადასხვა დეპარტამენტსა და სამსახურში დანამატები არათანაბრად ნაწილდება, რაც თანამშრომლებს შორის უთანასწორობას ქმნის.

ცნობისთვის, 5 ნოემბერს საფრანგეთში ეროვნული გაფიცვა და საპროტესტო დემონსტრაციებია დაგეგმილი. აქციების ორგანიზატორები ხელფასებისა და პენსიების გაზრდას, საჯარო სამსახურების დაფინანსების გაუმჯობესებას და 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ცვლილებების შეტანას მოითხოვენ.