აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინაში ომის დასრულების მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპს უახლოვდება. მისი შეფასებით, მხარეებს შორის შესაძლოა, ფართომასშტაბიანი შეთანხმება შედგეს, რომელიც მხოლოდ უკრაინას არ შეეხება და მთელ ევროპაზეც გავრცელდება.
ტრამპმა შესაძლო შეთანხმებას „დიდი და ლამაზი“ უწოდა. აღნიშნული განცხადება მან რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ კირილ დმიტრიევთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გააკეთა.
ამ პროცესის პარალელურად, გავრცელებული ინფორმაციით, თეთრ სახლში აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის ინიციატივით, ცალკე შეხვედრა გაიმართა. მას რუსეთის წარმომადგენელ კირილ დმიტრიევთან ერთად უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელი დავით არახამიაც ესწრებოდა.
შეხვედრის მთავარი საკითხი ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობა და ჰუმანიტარული ოპერაციის ორგანიზება იყო, რომლის ფარგლებშიც დაახლოებით 800 ადამიანის ევაკუაცია განიხილებოდა.
ამ ეტაპზე შესაძლო შეთანხმების კონკრეტული პირობები და მისი განხორციელების ვადები მოწოდებულ ინფორმაციაში მითითებული არ არის.