შვეიცარიაში 29 ნოემბრის რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაბლოკონ თუ არა კანონპროექტი, რომელიც იარაღის ექსპორტზე შეზღუდვებს ამცირებს. მედიის ცნობით, რეფერენდუმი ეჭვქვეშ აყენებს შვეიცარიის ნეიტრალიტეტის ტრადიციას, თუმცა მას ქვეყნის სამხედრო ინდუსტრია აქტიურად ეწინააღმდეგება. კანონპროექტის მიზანია, ქვეყნის სამხედრო ინდუსტრიას უფრო მეტი თავისუფლება მიეცეს უცხოეთში სამხედრო პროდუქციის გასაყიდად. მისი მხარდამჭერების არგუმენტით, მკაცრი რეგულაციები შვეიცარულ კომპანიებს საერთაშორისო ბაზარზე კონკურენციის უნარს უკარგავს და ქვეყნის თავდაცვის სექტორს აზარალებს. მოწინააღმდეგეები კი მიიჩნევენ, რომ შეზღუდვების შერბილება ეწინააღმდეგება შვეიცარიის ისტორიულ პოზიციას, რომლის მიხედვითაც, ქვეყანა კონფლიქტებში მონაწილე მხარეებს იარაღით არ ამარაგებს. შვეიცარიაში იარაღის მწარმოებელი კომპანიები შიშობენ, კანონი თუ არ შეიცვლება, ეს შვეიცარიის იარაღის წარმოების ინდუსტრიაზე, სადაც დაახლოებით 154 000 ადამიანია დასაქმებული, ნეგატიურად აისახება. მედიის ცნობით, რეფერენდუმი სწორედ ამ საკითხზე ახალ კამათს აჩენს: შეუძლია თუ არა შვეიცარიას, შეინარჩუნოს ნეიტრალიტეტი და ამავე დროს გაზარდოს იარაღის ექსპორტი? აღსანიშნავია, რომ შვეიცარია მიჰყვება 1907 წლის ჰააგის კონვენციებს ნეიტრალიტეტის შესახებ, რომლებიც უკრძალავს შეიარაღებულ კონფლიქტებში მონაწილეობას, თუ მას პირდაპირი საფრთხე არ ემუქრება, ან რომელიმე მხარისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაწევას. „როიტერის“ ცნობით, 2022 წელს რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიანმა შეჭრამ შვეიცარიას უბიძგა, გაეღრმავებინა თავდაცვის კავშირები ევროპელ პარტნიორებთან და ნატო-ს ალიანსთან.