აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, იხურა, როდესაც თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა UFC-ის აღმასრულებელ დირექტორსა და პრეზიდენტს, დანა უაითს შესთავაზა. „გეტყვით, რომ მხოლოდ ვხუმრობდი, მაგრამ დანას მოსწონს ეს იდეა და მხოლოდ ერთი დანაა. ის შესანიშნავია“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა შაბათს Truth Social-ზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მან უაითს თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა და სთხოვა, რომ ასისტენტებად მებრძოლები დაენიშნა.
“მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ დიად დანა უაითს, ძლიერ მებრძოლსა და მეომარს, შეერთებული შტატების პრესმდივნის თანამდებობა შევთავაზეთ. მოვითხოვე, რომ მან თავისთან ერთად მოიყვანოს ასისტენტები, იმისდა მიუხედავად, რომ ზოგიერთი ჩვენი ქვეყნიდან არ არიან, როგორებიცაა ისლამ მახაჩევი, ხაბიბ ნურმაგომედოვი, ჯასტინ გეიჯი, დანიელ კორმიე, ამანდა ნუნიესი, და კეილა ჰარისი. ეს ხალხი გვჭირდება შეშლილი მემარცხენეებისგან საკუთარი თავის დასაცავად. დანა შეუდარებელი პრესმდივანი იქნება. დანა, გთხოვ, დათანხმდი ამ სამუშაოს!” – დაწერა ტრამპმა. აღნიშნული პოსტის გამოქვეყნების შემდეგ უაითმა განაცხადა, რომ ორშაბათს ტრამპთან შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი. აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაგეგმილი შეხვედრა კვლავ ძალაშია, თუმცა ის პრესმდივნის თანამდებობას არ უკავშირდება. „რა თქმა უნდა, ვხუმრობდი. დანა მართლაც ჩამოდის, თუმცა სხვა მიზეზების გამო. როგორც ჩანს, ის ისედაც ვაშინგტონში უნდა ყოფილიყო, ამიტომ გამოივლის და შემხვდება“, – აღნიშნა ტრამპმა.