უკრაინის პრეზიდენტის  განცხადებით, ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს რუსეთის თავდასხმების გამო ელექტროენერგიის, წყლისა და გათბობის მიწოდებასთან დაკავშირებით შექმნილ რთულ ვითარებაზე  ესაუბრა.     „ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს ვესაუბრე. ამჟამად, რუსული თავდასხმების გამო, ჩვენი მრავალი ქალაქი და თემი  ელექტროენერგიის, წყლისა და გათბობის მიწოდებასთან დაკავშირებით ძალიან რთულ ვითარებაშია. ყველაზე მძიმე  მდგომარეობაა კიევში, დნეპროპეტროვსკის, სუმისა და დონეცკის ოლქებში, ასევე ხერსონში”, – წერს   ვოლოდიმირ ზელენსკი   სოციალურ ქსელში.   მისი ინფორმაციით, შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირი სპეციალურ საგანგებო მექანიზმს აამოქმედებს, რაც უკრაინის სწრაფი დაფინანსების შესაძლებლობას შექმნის.  „  ეს შესაძლებელს გახდის, უკრაინას სწრაფად გამოეყოს დაფინანსება იმ ყველაზე გადაუდებელი საჭიროებებისთვის, რომლებიც ქვეყანას ამჟამად აქვს. ჩვენი გუნდები ამ საკითხზე უკვე მუშაობენ”, – აცხადებს ზელენსკი.  მისი თქმით, განიხილეს ზამთრისთვის მოსამზადებლად საჭირო დამატებითი ენერგეტიკული და ჰუმანიტარული დახმარება, ასევე ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხები.  „გასულ კვირას ევროკომისიამ გამოაქვეყნა ევროკავშირის გაფართოების ყოველწლიური პაკეტი, რომელშიც უკრაინის პროგრესი დადებითად  შეფასდა. მნიშვნელოვანია ყველა კლასტერის გახსნა და მოლაპარაკების თავების დახურვის პროცესის დაწყება. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ დიპლომატიაზეც. ბოლო დღეებში ბრიუსელში მოლაპარაკებები გაიმართა, სადაც ჩვენმა გუნდებმა ნაყოფიერად იმუშავეს აღდგენის გეგმასა და ევროპის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიებზე. ურსულასთან ერთად ასევე შევაჯერეთ პოზიციები აბუ-დაბიში დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ სამმხრივმა ფორმატმა შედეგი გამოიღოს”, – წერს ზელენსკი.