ამერიკულმა ბიოფარმაცევტულმა კომპანიამ Veradermics თმის ცვენის საწინააღმდეგო ახალი არაჰორმონალური პრეპარატის კლინიკური კვლევის მესამე ფაზის დადებითი შედეგები გამოაქვეყნა. ექსპერიმენტულმა მედიკამენტმა VDPHL01-მა ექვსთვიანი კვლევის განმავლობაში თმის ზრდის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აჩვენა.

კვლევაში მონაწილეობდა 536 მამაკაცი, რომლებსაც მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის ანდროგენული ალოპეცია, გენეტიკურ და ჰორმონულ ფაქტორებთან დაკავშირებული თმის ცვენა აღენიშნებოდათ.

მონაწილეები სამ ჯგუფად დაყვეს. პირველი ჯგუფი პრეპარატს დღეში ერთხელ იღებდა, მეორე – ორჯერ, ხოლო მესამე ჯგუფს პლაცებო ეძლეოდა.

ექვსი თვის შემდეგ, პრეპარატის დღეში ერთხელ მიღების შემთხვევაში, თავის კანის საკვლევ ფართობზე თმის ღერების რაოდენობა საშუალოდ 28,6-ით გაიზარდა ყოველ კვადრატულ სანტიმეტრზე. დღეში ორჯერ მიღებისას ეს მაჩვენებელი 36,4-ს აღწევდა, ხოლო პლაცებოს ჯგუფში ზრდამ მხოლოდ 6,6 ღერი შეადგინა.

კვლევის თანახმად, პრეპარატის ეფექტიანობის პირველი სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ნიშნები მკურნალობის მეორე თვიდან გამოვლინდა.

შედეგები მონაწილეთა თვითშეფასებებშიც აისახა. თმის საფარის გაუმჯობესება აღნიშნა იმ მამაკაცების 78,8%-მა, რომლებიც მედიკამენტს დღეში ერთხელ იღებდნენ. დღეში ორჯერ მიღების ჯგუფში ეს მაჩვენებელი 85% იყო, პლაცებოს ჯგუფში კი – 35,3%.

VDPHL01 მინოქსიდილის გახანგრძლივებული მოქმედების ფორმაა. მინოქსიდილი თმის ცვენის სამკურნალოდ უკვე გამოიყენება, თუმცა მისი პერორალური ფორმის მიღებას შესაძლოა თან ახლდეს ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა გულისცემის აჩქარება, არტერიული წნევის ცვლილება და სითხის შეკავება.

ახალი პრეპარატი ისეა შექმნილი, რომ მოქმედი ნივთიერება ორგანიზმში თანდათანობით გამოიყოს. შემქმნელების მიზანია სისხლში მინოქსიდილის მკვეთრი კონცენტრაციული პიკების შემცირება და ამ გზით არასასურველი ეფექტების რისკის შეზღუდვა.

კომპანიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ექვსთვიანი კვლევის განმავლობაში მკურნალობასთან დაკავშირებული სერიოზული გვერდითი მოვლენები და განსაკუთრებული ყურადღების საგანი გულისმიერი გართულებები არ გამოვლენილა.

თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მედიკამენტი სრულიად უსაფრთხოა. კვლევის მონაწილეთა ნაწილს აღენიშნებოდა პერიფერიული შეშუპება და სხეულის სხვა უბნებზე თმის ჭარბი ზრდა. ამასთან, პრეპარატის გრძელვადიანი უსაფრთხოების შესაფასებლად დამატებითი მონაცემებია საჭირო.

მინოქსიდილი თავდაპირველად არტერიული წნევის სამკურნალოდ შეიქმნა. მოგვიანებით მეცნიერებმა შენიშნეს, რომ მისი გამოყენება თმის ზრდასაც უწყობდა ხელს. ნივთიერება მოქმედებს თმის ფოლიკულების ზრდის ციკლზე და ხელს უწყობს აქტიური ზრდის ფაზის გახანგრძლივებას, თუმცა მისი მოქმედების ყველა მექანიზმი ბოლომდე გარკვეული არ არის.

Veradermics-ის განცხადებით, ახალი ფორმულის უპირატესობა ისაა, რომ იგი არ მოქმედებს უშუალოდ ჰორმონულ სისტემაზე. ეს მას განასხვავებს თმის ცვენის საწინააღმდეგო ზოგიერთი გავრცელებული პრეპარატისგან, რომლებიც ანდროგენების მოქმედების შემცირებაზეა ორიენტირებული.

კომპანიამ მამაკაცებში ჩატარებული ორი ფართომასშტაბიანი კვლევის ექვსთვიანი დადებითი შედეგები უკვე გამოაქვეყნა. ორივე კვლევაში ჯამურად ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.

პარალელურად მიმდინარეობს კვლევები ქალებშიც. მათი შედეგების გამოქვეყნება 2027 წლის პირველ ნახევარშია მოსალოდნელი.

მიუხედავად იმედისმომცემი შედეგებისა, VDPHL01 ჯერ კიდევ ექსპერიმენტული პრეპარატია და აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) ოფიციალური ნებართვა არ მიუღია.

თუ შემდგომი შეფასებები მის ეფექტიანობასა და უსაფრთხოებას დაადასტურებს, პრეპარატი შესაძლოა თმის ცვენის მკურნალობის ერთ-ერთ ახალ არაჰორმონალურ საშუალებად იქცეს.