ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, უკრაინაში რუსეთის არმია ყოველთვიურად 40 ათასზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს კარგავს დაღუპულებისა და მძიმედ დაჭრილების სახით. მისი თქმით, ოქტომბერში ეს მაჩვენებელი სავარაუდოდ 50 ათასსაც გადასცდა. ამის შესახებ რუტემ ატლანტიკური მომავლის ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა. რუტეს შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბრძოლის ველზე წარუმატებელია და უკრაინის წინააღმდეგ სამოქალაქო მოსახლეობასა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებით ცდილობს უკრაინელების წინააღმდეგობის გატეხას. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა რუსეთი ევროპის ქვეყნებში ჰიბრიდული თავდასხმების გააქტიურებაშიც დაადანაშაულა. მისი განცხადებით, მოსკოვი დივერსიებით, დრონებთან დაკავშირებული ინციდენტებითა და კიბერშეტევებით ცდილობს დასავლეთის ერთიანობის დარღვევასა და უკრაინის მხარდაჭერის შესუსტებას. „ყოველ რუსულ ჰიბრიდულ თავდასხმას ჩვენს ქვეყნებზე უკრაინისთვის კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერით ვპასუხობთ“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივნმა.