პოლონეთი უკრაინისთვის ამერიკული შეიარაღების შესაძენად თანხის გამოყოფას არ აპირებს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა და მიზეზად პოლონეთის   თავდაცვის სფეროში არსებული მაღალი ხარჯები დაასახელა.  ტუსკის თქმით, ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს აცნობა, რომ პოლონეთი ამ ეტაპზე PURL-ის ინიციატივის დაფინანსებაში მონაწილეობას არ მიიღებს. „გენერალურ მდივანს ვუთხარი, რომ ამ ეტაპზე PURL”ის პროექტისთვის თანხას არ გამოვყოფთ, რადგან საკუთარი შეიარაღებისთვის ძალიან ბევრს ვხარჯავთ“, – განაცხადა ტუსკმა.   მისივე განცხადებით, პოლონეთი უკრაინას აქამდეც აქტიურად ეხმარებოდა და დახმარებას კვლავ აგრძელებს, თუმცა ქვეყანას თავდაცვის სფეროში მნიშვნელოვანი ხარჯები აქვს.  „ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან მხარდაჭერას ვუწევდით და კვლავ ვეხმარებით უკრაინას. მაღალი დეფიციტი გვაქვს და თავდაცვაზე ბევრს ვხარჯავთ. ამიტომ განვაცხადე, რომ ჩვენი ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით, პოლონეთი დამატებით თანხებს ვეღარ გამოყოფს, რადგან უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკუთარი ხარჯები გვაქვს, რომლებიც, ალბათ, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია“, – აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.