“ ამერიკელებმა გვკითხეს, მზად არის თუ არა უკრაინა ნატო-ში გაწევრიანების სანაცვლოდ, დონბასიდან ჯარების გასაყვანად,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. „არაერთხელ მითქვამს: უკრაინა უკან არ დაიხევს და საკუთარ მიწებს ტერორისტებს არ დაუთმობს. ამერიკელებმა იკითხეს: „თუ უკრაინა ნატო-ში შევა, გამოვა თუ არა ის დონბასიდან?“. ეს პირველი შემთხვევაა. ჩვენ პარტნიორებთან ერთად განვიხილავთ უსაფრთხოების ზომების კომპლექსურ პაკეტს, რომელიც შესაძლოა მოლაპარაკებების ფარგლებში შემოგვთავაზონ: ნატო-სა და ევროკავშირისგან უსაფრთხოების კონკრეტულ გარანტიებს, ძლიერ უკრაინულ შეიარაღებულ ძალებსა და აღდგენის გეგმას“, – განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, თუ პარტნიორები მსგავს უსაფრთხოების ზომებს დაადასტურებენ, მაშინ მზად არის, რომ აღნიშნული საკითხის შესახებ აზრი უკრაინის საზოგადოებას ჰკითხოს. „თუ მსგავსი წინადადება იქნება, მე, როგორც პრეზიდენტი, საზოგადოებასთან ღია დიალოგში შევალ და ვეტყვი: „აი, ახლა აქ ვართ, აი, როგორ გაერთიანდნენ პარტნიორები და როგორ ხედავენ წინსვლის გზას“. რა თქმა უნდა, ეს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას არ გულისხმობს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.