ისრაელის სადაზვერვო სამსახურმა „მოსადმა“ აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს (CIA) მიაწოდა ინფორმაცია ირანის სავარაუდო გეგმის შესახებ, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ თავდასხმების განხორციელებას ითვალისწინებს. ინფორმაციას ისრაელური გამოცემა Israel Hayom მაღალი რანგის ისრაელელ და ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სადაზვერვო ინფორმაცია მიუთითებს, რომ შესაძლო თავდასხმებისთვის ირანმა შესაძლოა ასაფეთქებელი ნივთიერებებით აღჭურვილი უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენოს.

წყაროების განცხადებით, აღნიშნული ინფორმაცია კიდევ ერთმა დასავლურმა სადაზვერვო სამსახურმაც დაადასტურა.

სავარაუდო საფრთხეების გამო აშშ-ის ხელისუფლებამ პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის რამდენიმე მაღალჩინოსნის უსაფრთხოების ზომები გააძლიერა.

აშშ-ის მაღალჩინოსნები უსაფრთხო ობიექტებზე გადაიყვანეს

Israel Hayom-ის ინფორმაციით, შესაძლო თავდასხმის სამიზნედ მიჩნეულმა ოფიციალურმა პირებმა ღია სივრცეში საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობა მნიშვნელოვნად შეამცირეს. ზოგიერთი მათგანი კი დროებით სპეციალურად დაცულ ობიექტებზე გადაიყვანეს.

Fox News-ის ცნობით, უსაფრთხოების ზომების ფარგლებში საცხოვრებელი ადგილი შეუცვალეს აშშ-ის ფინანსთა მინისტრ სკოტ ბესენტს, რომელიც ირანის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი განმახორციელებელია.

გამოცემის ინფორმაციით, ბესენტი ვაშინგტონის ჯორჯთაუნის რაიონში მდებარე სახლიდან დაცულ სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს.

მსგავსი ზომები გავრცელდა სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და თავდაცვის მინისტრ პიტ ჰეგსეთზეც, რომლებიც, გავრცელებული ცნობებით, სამხედრო ობიექტებზე იმყოფებიან.

უსაფრთხოების დამატებითი ზომები მოქმედებს თავად დონალდ ტრამპის საჯარო გამოსვლების დროსაც.

გამოცემის წყაროების თანახმად, პრეზიდენტმა ღია სივრცეში დაგეგმილი ღონისძიებების რაოდენობა მნიშვნელოვნად შეამცირა, ხოლო მისი დაცვის ღონისძიებები დრონების საწინააღმდეგო სპეციალური სისტემებით გაძლიერდა.

სადაზვერვო ინფორმაცია აშშ-ირანის მოლაპარაკებებზეც აისახა

Israel Hayom-ის წყაროების შეფასებით, ირანის მხრიდან შესაძლო თავდასხმების შესახებ მიღებული ინფორმაცია ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რომელმაც ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია თეირანთან მოლაპარაკებების მიმართ შეცვალა.

გამოცემის თანახმად, ბოლო დღეებში აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმების მიღწევის პერსპექტივა მნიშვნელოვნად შემცირდა.

მიუხედავად იმისა, რომ ირანულმა მხარემ ბირთვულ საკითხებზე გარკვეული მოქნილობა გამოავლინა, თეირანი არსებითი მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობად საზღვაო ბლოკადის მოხსნას, სანქციების მნიშვნელოვანი ნაწილის გაუქმებასა და გაყინული ირანული აქტივების გათავისუფლებას ასახელებს.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ირანთან მოლაპარაკებების პროცესს ჩამოაშორა.

ვენსი მანამდე მხარს უჭერდა თეირანთან შეთანხმების მიღწევას და, გავრცელებული ცნობებით, ირანის მაღალჩინოსნებთან პირდაპირი შეხვედრის ორგანიზებას ცდილობდა.

ტრამპმა ხუთშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ვიცე-პრეზიდენტს სთხოვა, ყურადღება აშშ-ის დემოკრატების მიერ მართულ ქალაქებსა და შტატებში კორუფციისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაზე გადაეტანა.

„ჩვენ ირანთან შეთანხმება არ გვჭირდება. ეს დრო დიდი ხნის წინ გავიდა“, – დაწერა ტრამპმა.

ირანთან სამხედრო დაპირისპირების განახლების საფრთხე

Israel Hayom-ის ინფორმაციით, ამ ეტაპზე უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ტრამპი ირანთან დაპირისპირების შემდგომ ეტაპზე.

გამოცემის თანახმად, ვაშინგტონი ირანზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერებას განიხილავს, მათ შორის სახმელეთო სავაჭრო მარშრუტების შეზღუდვას, განსაკუთრებით ერაყისა და თურქეთის მიმართულებით.

ამასთან, არ გამოირიცხება ირანის ბირთვული და სარაკეტო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციების შესაძლებლობის განხილვაც.

გამოცემა აღნიშნავს, რომ სამხედრო მოქმედებების განახლებამ შესაძლოა ფართომასშტაბიანი კონფლიქტის ესკალაცია გამოიწვიოს და სპარსეთის ყურის ქვეყნების უსაფრთხოებას დამატებითი საფრთხე შეუქმნას.

წყარო: Israel Hayom