საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებული პოსტის გამო ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.
როგორც უწყებაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის მასალები სასამართლოში უკვე გადაგზავნილია.
საქმე ეხება ლაშა ნაცვლიშვილის მიერ მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, იობის (აქიაშვილის) მისამართით გამოქვეყნებულ პოსტს. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალწარმოება წვრილმანი ხულიგნობის მუხლით მიმდინარეობს.
სასამართლო სხდომა 16 ნოემბერს არის დანიშნული.
ცნობისთვის, მიტროპოლიტმა იობმა 10 ნოემბერს ქადაგებისას საქართველოს მოქმედი ხელისუფლება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მას საკუთარი შესაძლებლობები ამოწურული აქვს.
სასულიერო პირის შეფასებით, ქვეყანაში ცვლილებები აუცილებელია. მან ასევე ისაუბრა ხელისუფლებისა და ეკლესიის ურთიერთობაზე და მოქმედი ხელისუფლება „ურწმუნოდ“ შეაფასა.
მიტროპოლიტის განცხადებებს სოციალურ ქსელში განსხვავებული გამოხმაურებები მოჰყვა, მათ შორის ლაშა ნაცვლიშვილის მხრიდან.
ნაცვლიშვილის მიერ გამოქვეყნებული პოსტი საპატრიარქოს წარმომადგენლებმაც გააკრიტიკეს.
საქმის სამართლებრივ შეფასებას სასამართლო განიხილავს.