ევროკავშირის ხუთი ქვეყანა – გერმანია, დანია, ავსტრია, საბერძნეთი და ნიდერლანდები – 2027 წელს რუანდაში მიგრანტების დაბრუნების სპეციალური ცენტრის გახსნას გეგმავს. ინიციატივის მიზანია იმ პირების ქვეყნიდან გაძევების პროცესის დაჩქარება, რომლებსაც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში დარჩენის კანონიერი საფუძველი აღარ აქვთ.

ინფორმაციას BBC ნიდერლანდებისა და დანიის მთავრობების ოფიციალურ განცხადებებზე დაყრდნობით ავრცელებს.

პროექტის ფარგლებში რუანდაში შეიქმნება ე.წ. დაბრუნების ცენტრი (Return Hub), სადაც გადაიყვანენ იმ მიგრანტებს, რომელთა დეპორტაციის გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და რომლებმაც შესაბამის ქვეყნებში დარჩენისთვის არსებული სამართლებრივი შესაძლებლობები ამოწურეს.

ნიდერლანდების მთავრობის განმარტებით, აღნიშნული მექანიზმი გამოყენებული იქნება იმ შემთხვევებშიც, როდესაც მიგრანტის წარმოშობის ქვეყანაში უშუალოდ დაბრუნება ვერ ხერხდება.

რუანდაში გადაყვანილ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, დაბრუნდნენ თავიანთ სამშობლოში ან დარჩნენ რუანდაში და ადგილობრივ საზოგადოებაში ინტეგრირდნენ.

პირველ ეტაპზე ცენტრი დაახლოებით 100 ადამიანს მიიღებს

დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით, სააგენტო AFP იუწყება, რომ პროექტი თავდაპირველად საპილოტე რეჟიმში განხორციელდება და დაახლოებით 100 მიგრანტის მიღებას ითვალისწინებს.

სავარაუდოდ, მონაწილე ხუთი ქვეყნიდან თითოეული პირველ ეტაპზე დაახლოებით 20 ადამიანს გაგზავნის.

ნიდერლანდების მთავრობის განცხადებით, პროგრამის საწყისი ეტაპი მხოლოდ სრულწლოვან, მარტოხელა მამაკაცებზე გავრცელდება.

ამასთან, ნიდერლანდები უპირატესობას მიანიჭებს იმ მიგრანტების გადაყვანას, რომელთა წარმოშობის ქვეყნები გეოგრაფიულად რუანდის რეგიონთან ახლოს მდებარეობს.

პროგრამის ფარგლებში რუანდაში დარჩენის მსურველებს ექნებათ ბინადრობის, განათლების მიღების, ჯანდაცვის მომსახურებით სარგებლობის, დასაქმებისა და სამართლებრივ სისტემაზე წვდომის უფლებები.

ევროპის ქვეყნები თავშესაფრის სისტემებზე ზეწოლის შემცირებას ცდილობენ

ვენაში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ავსტრიის კანცლერმა კრისტიან შტოკერმა განაცხადა, რომ ინიციატივის მიზანია ევროპის თავშესაფრის სისტემებზე დატვირთვის შემცირება და ადამიანებით ვაჭრობისა და არალეგალური მიგრაციის ორგანიზატორების საქმიანობის შეზღუდვა.

მისი თქმით, აუცილებელია იმ სახიფათო მარშრუტების გამოყენების შემცირება, რომლებითაც მიგრანტები ხმელთაშუა ზღვის გავლით ევროპაში ჩასვლას ცდილობენ.

ხუთი ქვეყნის ხელისუფლების განცხადებით, პროექტი ევროკავშირისა და საერთაშორისო სამართლის მოთხოვნებთან შესაბამისობაში განხორციელდება.

რუანდის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვენსან ბირუტამ აღნიშნა, რომ ქვეყანა მზად არის ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის, რათა მიგრანტებისთვის უსაფრთხო, კანონიერი და ღირსეული პირობები შეიქმნას.

მისივე თქმით, თანამშრომლობა ასევე უნდა ითვალისწინებდეს ეკონომიკური შესაძლებლობების გლობალური უთანასწორობის შემცირებას, რაც არარეგულარული მიგრაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამომწვევ ფაქტორს წარმოადგენს.

პროექტი ევროკავშირის მიგრაციული პოლიტიკის ცვლილებებს უკავშირდება

რუანდაში დაბრუნების ცენტრის შექმნის გადაწყვეტილება ევროკავშირის მიგრაციული პოლიტიკის რეფორმის შემდეგ მიიღეს, რომელმაც ევროკავშირის ტერიტორიის გარეთ მსგავსი ცენტრების ფუნქციონირების სამართლებრივი შესაძლებლობა შექმნა.

ახალი მექანიზმი განსხვავდება დიდი ბრიტანეთის წინა მთავრობის მიერ შემუშავებული პროგრამისგან, რომელიც თავშესაფრის მაძიებლების რუანდაში გადაყვანასა და მათი განაცხადების იქ განხილვას ითვალისწინებდა.

ბრიტანული პროექტი სასამართლო დავებისა და სამართლებრივი წინააღმდეგობების გამო ვერ განხორციელდა. 2024 წელს ხელისუფლებაში მოსულმა ლეიბორისტულმა მთავრობამ პროგრამა გააუქმა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციას ამ ეტაპზე არ გამოურიცხავს ახალი ევროპული ინიციატივისადმი შესაძლო მიერთება და განაცხადა, რომ მის განხორციელებას ინტერესით დააკვირდება.

ინიციატივას ესპანეთი და უფლებადამცველი ორგანიზაციები აკრიტიკებენ

ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ახალი მექანიზმის მიმართ განსხვავებული პოზიციები არსებობს.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა რუანდაში მიგრანტების დაბრუნების ცენტრის შექმნის გეგმა გააკრიტიკა.

„ამაში ვერც მომავალს ვხედავ და ვერც ჰუმანურობას. ეს გამოსავალი არ არის“, – განაცხადა სანჩესმა ტელეკომპანია Telecinco-სთან ინტერვიუში, რომლის შესახებაც AFP იუწყება.

პროექტის მიმართ შეშფოთებას გამოთქვამენ ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციებიც.

Human Rights Watch-ის აფრიკის საკითხების უფროსი მკვლევრის, კლემენტინ დე მონჟუას განცხადებით, რუანდის არჩევა კითხვებს აჩენს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის გამო.

ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს პოლიტიკური განსხვავებული აზრის შეზღუდვის, თვითნებური დაკავებების, პატიმრობაში არასათანადო მოპყრობისა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში შეიარაღებული ჯგუფების მხარდაჭერის შესახებ არსებულ ბრალდებებზე.

დე მონჟუას შეფასებით, რუანდის მთავრობისთვის დეპორტაციის პროგრამის განხორციელების სანაცვლოდ ფინანსური რესურსების გადაცემა შესაძლოა როგორც მიგრანტებისთვის, ისე რეგიონში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობისთვის დამატებით რისკებს ქმნიდეს.

ევროკავშირის ფუნდამენტურ უფლებათა სააგენტო აღნიშნავს, რომ მესამე ქვეყანა, რომელიც მიგრანტების დაბრუნების ცენტრს უმასპინძლებს, ვალდებული უნდა იყოს, დაიცვას ადამიანის ძირითადი უფლებები.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრინციპი, რომლის თანახმადაც პირი არ უნდა გადაიყვანონ ქვეყანაში, სადაც მას დევნის ან არასათანადო მოპყრობის სერიოზული საფრთხე ემუქრება.

სააგენტოს განცხადებით, ასეთ ცენტრებში დაუშვებელია თანმხლები პირის გარეშე მყოფი არასრულწლოვნების გაგზავნა. ნიდერლანდების მთავრობამ დაადასტურა, რომ ახალი პროგრამა ამ კატეგორიის პირებზე არ გავრცელდება.

ევროკავშირში არარეგულარული საზღვრის კვეთის შემთხვევები შემცირდა

ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოს, Frontex-ის მონაცემებით, 2026 წლის პირველი ათი თვის განმავლობაში ევროკავშირის გარე საზღვრებზე არარეგულარული კვეთის თითქმის 110 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა.

ეს მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 29%-ით ნაკლებია.

მხოლოდ ოქტომბერში გამოვლენილია დაახლოებით 18 100 შემთხვევა, რაც 2025 წლის ოქტომბრის მაჩვენებელზე 6%-ით ნაკლებია, თუმცა მიმდინარე წლის სექტემბერთან შედარებით 22%-იან ზრდას წარმოადგენს.

სააგენტოს განმარტებით, ყოველთვიური ზრდა ძირითადად დასავლეთ აფრიკიდან კანარის კუნძულების მიმართულებით მიგრანტების ნაკადის მატებას უკავშირდება.

ევროკავშირის ხუთი ქვეყნის მიერ დაგეგმილი პროექტის პრაქტიკული განხორციელება 2027 წელს უნდა დაიწყოს. მისი შემდგომი გაფართოების მასშტაბები და პირობები საპილოტე ეტაპის შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

წყაროები: BBC, AFP, ნიდერლანდებისა და დანიის მთავრობების განცხადებები, Frontex.